საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უარყოფს, რომ საარჩევნოდ ქოლცენტრების ორგანიზება ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი მექანიზმია და მას პარტიული სამუშაოს ნაწილს უწოდებს. პაპუაშვილის თქმით, იგი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იცნობდე შენ ამომრჩეველს და მეორე - უზრუნველყო, რომ შენი ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ბოლოს „ტვ პირველის“ იმედად დარჩა ბატონი ხაზარაძე და დანარჩენი ოპოზიცია. აღმოაჩინეს, რომ თურმე, პარტიები საკუთარ ამომრჩეველთან არიან კავშირზე, საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებიან, საკუთარ ამომრჩეველს ამობილიზებენ. მათ შორის, ამან უკვე მიიღო ფაშისტური ხასიათი სოციალურ ქსელში. ყოფილი სახალხო დამცველი ავრცელებს პერსონალურ ინფორმაციას, თან ისეთი კონტექსტით, რითაც ადამიანებს პირდაპირ მონიშნავს თავდასხმის სამიზნედ. ის ავრცელებს სიებს, სადაც არიან ჩვენი კოორდინატორები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ამომრჩეველთან დაკავშირებაზე. ერთ-ერთ სიაში მას წაშლილი აქვს პირადი ნომრები - ეტყობა ვერ ხვდება, რომ სახელი და გვარიც პირადი ინფორმაციაა. ქალბატონი ყოფილი სახალხო დამცველი დღეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომაგდენელი, ის ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან და რა თქმა უნდა, ასეთი ფაშისტური კამპანიები როდესაც შესაძლებელი ხდება ევროკავშირიდან დაფინანსების წყალობით, ეს არის ევროკავშირის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, ქოლცენტრები საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდია, რასთან დაკავშირებითაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ტრენინგებსაც ატარდებდნენ.
„აბა, პარტია, პარტიული მუშაობა, სტრუქტურა რისთვის არის საჭირო? „ქართულ ოცნებას“ 41 000-ზე მეტი მარტო პარტიის წევრი ჰყავს. ეს არის ნაწილი სამუშაოსი, რომ იცნობდე შენს ამომრჩეველს და გქონდეს მათთან კონტაქტი.
ჩვენ ზუსტად ვმუშაობთ იმ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით და სტანდარტით, რომელიც დამკვიდრებულია პარტიულ მუშაობაში. ჩვენ ვიცნობთ ჩვენს ამომრჩევლებს, გვაქვს მათთან კავშირი და არჩევნების დღეს მთავარი პარტიული ამოცანა რაც არის, არის ის, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. „ქუდზე კაციო“ რომ ვამბობდით, რისთვის ვაკეთებდით ამ ყველაფერს?!
ჩვენ კარდაკარებს ამისთვის ვატარებთ, რომ მივდივართ, ვეცნობით, მხარდაჭერაში ვრწმუნდებით, ვკითხულობთ მიდიან თუ არა არჩევნებზე და შემდეგ, არჩევნების დღეს, ყველასთან გვაქვს კავშირი იმისთვის, რომ არავინ დარჩეს სახლში. ჩვენ მხარი დაგვიჭირა მილიონ 120 ათასმა ადამიანმა და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი პარტიული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ყველასთან არა, მაგრამ მათ უმრავლესობასთან გვქონდეს კავშირი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტია არჩევნების დღეს ამომრჩევლებზე ტოტალურ კონტროლს და ზეწოლას ახორციელებდა. საარჩევნო უბნებთან მობილიზებული კოორდინატორების გარდა, ამომრჩევლების ხმის მისაცემად მისვლას სპეციალურად მოწყობილი ქოლცენტრებიდან აკონტროლებდნენ. „საქართველოს ამბების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო სამსახურებში მუშაობენ და რომლებსაც არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, თავისი და ოჯახის წევრების პირადი ნომრები მერიებში ან ააიპ-ებში მიატანინეს, ხმის მიცემის და კენჭისყრის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ქოლცენტრში უნდა დაერეკათ და ეცნობებინათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს და ხმა მისცეს. ამ ამომრჩეველთა უმრავლესობას არჩევნების წინა დღეს მიაწოდეს ტელეფონის ნომერი, რაზედაც ქოლცენტრში უნდა დაერეკათ.
ტელეკომპანია „პირველის“ მიერ ამ თემაზე მომზადებული სპეციალური რეპორტაჟის მიხედვით, თითოეულ ქოლცენტრში 4 ადამიანი მუშაობდა და მას ე.წ. კაპიტანი ხელმძღვანელობდა. „პირველის“ ცნობით, კაპიტნის წოდება ჰქონდა ხალხს, ვისაც ამომრჩეველი უნდა ეიძულებინა, ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცა, შემდეგ კი პარტიისთვის ეპატაკა, რომ დავალება შეასრულა.