პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელი, სახალხო დამცველის ყოფილი წარმომადგენელი საბა ბრაჭველი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე. დაკავებულების ნაწილს ხელში ეჭირა პლაკატები წარწერით „ირაყლი“, ნაწილს კი - ცარიელი ფურცლები.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დაკავებულების ადგილსამყოფელი ამ დრომდე ზუსტდება. ადვოკატების ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, ხოლო სხვები თელავსა და გურჯაანში იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

შოთა თუთბერიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც 2 ივნისის საღამოს დააკავეს. ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ის კიბეზე იჯდა და ფეხებთან ედო პლაკატი წარწერით „ირაყლი“, როდესაც პოლიციის ათამდე თანამშრომელი მიუახლოვდა. მათ ჯერ პლაკატის წართმევა სცადეს, შემდეგ კი ადგილიდან გაიყვანეს. თუთბერიძე მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც შოთა თუთბერიძე ამბობს, პოლიციელების მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში წერია, თითქოს ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რაც ადვოკატის თქმით, სიცრუეა.

„ავლაბარში როცა მივედით, ვიღაცამ დაურეკა პოლიციელს, ოფლმა დაასხა, მითხრა - შენ განრიდებული ხარ, დაკავებული არ ხარო. მომხსნა ბორკილები, ჩამოსმას მიპირებდნენ სადღაც. მოვთხოვე განემარტათ, რა კანონის საფუძველზე მოხდა განრიდება, რაზეც მითხრეს, კონსტიტუციის საფუძველზეო. ამის შემდეგ, რადგან მე არ აღმოვჩნდი მორჩილი, რომელსაც სადღაც ავლაბარში გადასვამდნენ, მოვბრუნდით თავისუფლების მოედანზე, გავჩერდით 5-10 წუთი. ვიღაცები მოვიდნენ, ვიღაცებმა დაურეკეს და ამის შემდეგ თქვეს, ახლა ნამდვილად დაკავებული ხარო. ხელმეორედ დამადეს ბორკილი. წამომიყვანეს შსს-ს მთავარ შენობაში, დაიწყეს ოქმის შედგენა, ჩამომართვეს ნივთები, დარეკვის საშუალება არ მომცეს ბოლო წუთამდე მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი წარმომადგენელიც იყო მოსული“, - განაცხადა თუთბერიძემ გათავისუფლების შემდეგ.

თუთბერიძის გარდა კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს. სწორედ ამის შემდეგ მივიდნენ პარლამენტთან უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„დაახლოებით 30 ადამიანი ვიყავით შეკრებილი. ხელში გვეჭირა ზოგს ცარიელი ფურცლები, ზოგს ფურცლები ასო-ბგერებით. მე მეჭირა პოსტერი, რომელსაც ეწერა ტექსტი ივანიშვილის ცნობილი გამოსვლიდან: „რაც გინდათ ის დაუძახეთ“, რომლის ქვევით ეწერა - „ვირაკლი“. ამას პოლიციის მხრიდან მოჰყვა ჭიდაობა, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. თუკი რამეა რუსეთი, ეს არის - როდესაც ცარიელი ფურცლის გამო, ან ფურცელზე ერთო ასო-ბგერის დაწერის გამო ადამიანებს იჭერენ და ხსნიან, რომ, თურმე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ამის გაკეთება არ შეიძლება“, - ამბობს იურისტი გიორგი მშვენიერაძე.

„ეს ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა. ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება მაინც გვქონდა, მაგრამ ახლა ესეც აღარ გვაქვს. პოლიცია ჩვენთან რომ მოდის, გვეუბნება, რომ პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფა არ შეიძლება, აკრძალულია.

სად წერია, რომ პრემიერ-მინისტრის აუგად მოხსენიება აკრძალულია. ჩვენს კონსტიტუციაში, კანონებში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ეს არ წერია. რატომ ჰგონიათ პოლიციელებს, რომ ასეთი კანონი არსებობს?! ისინი იღებენ დაკავების დირექტივას და ბრმად ასრულებენ“, - განაცხადა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.

პარლამენტის შენობის წინ, მოძრაობა „ჯიუტის“ ორგანიზებით, მცირერიცხოვანი მშვიდობიანი აქციები ყოველ საღამოს იმართება. ბოლო დღეებში მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ. 1-ელ ივნისს, პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს წაართვეს და დაუხიეს პოსტერები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები იყო დაბეჭდილი და ეწერა „დაახასიათეთ ერთი სიტყვით“. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთათვის საპროტესტო ბანერების წართმევა არ შეესაბამება სამართალდამცავთა ვალდებულებას, ხელი შეუწყონ გამოხატვის უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით.

იმავე საღამოს დააკავეს ბექა გრიგორიადისი - „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ მარტში გამართული აქციების დაკავებული მონაწილის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მამა, რომელიც შვილის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობის უკან „ერთი კაცის აქციას“ მართავდა. პოლიციელებმა მას კარვის გაშლის უფლება არ მისცეს და ადმინისტრაციული წესით, დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.