საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენისა და არჩევის დროებითი წესის შემოღებას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შევიდა. კანონპროექტს ოპოზიციიდან მხარი დაუჭირეს „გირჩის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატებმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
ცვლილებების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება შეფასების სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება 9 წევრისგან - სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისაც სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ.
შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებით შეაფასებს.
პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, მმართველი პარტია საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს, გარდა ერთი შემთხვევისა, თუ ამ პროცესს ოპოზიცია გაემიჯნება.
მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. მან გააკრიტიკა ახალი სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი.
„პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც კითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები სწორედ კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
„უმრავლესობის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ ორი განცხადება - არ დავასახელებთ კანდიდატს და იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება, ჩართულობა და ა.შ. მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა იყოს დასახელებულიო. ამ ორი მიდგომის ერთად თქმა კითხვას არ აღძრავს? ესე იგი, ოპოზიციამ არც კი იფიქროს ერთ კანდიდატზე შეჯერდესო, მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა დაასახელოს, რომ მერე იქიდან რომელიმე ერთის, რომელიც ჩვენ მოგვეწონება, ამორჩევა გაგვიადვილდესო.
ეს არის ამ ცვლილების მთელი არსი და არა პლურალიზმზე ზრუნვა“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა 12 წინაპირობიდან ერთ-ერთია, რომელიც უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, ახალი სახალხო დამცველის წარდგენის პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს.
