პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტმა, ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრიდან სამი აირჩია. ტრისტან ბენაშვილის და ზურაბ გურასპაშვილის კანდიდატურებს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გიორგი გზობავამ კი 91 ხმა მიიღო. დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ტრისტან ბენაშვილი სამართლის დარგის სპეციალისტია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა და „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ“ წარადგინეს. ზურაბ გურასპაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. მისი მეუღლე, თამარ ბლიაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეა. გურასპაშვილი კანდიდატად „სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ“ და „საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდმა“ წარადგინეს. გიორგი გზობავა ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელეს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ და „თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაციამ“.

პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის (90 დეპუტატი) უმრავლესობით ირჩევს. 84 ხმა „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობაში შემავალ „ხალხის ძალას“ აქვთ, 4 კი „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ხშირად უჭერს მხარს „ქართული ოცნების“ ინიციატივებს. ფარული კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს ხმა სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს.

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და „ქართულ ოცნებას“ დახურულ კარს მიღმა, ფარულად გაურიგდა, რათა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეეყვანათ ადამიანები „კლანის“ მფარველობისთვის.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ნაწილში და ის მოითხოვს კონსენსუსს. სხვა შემთხვევაში, ის შესრულებულად არ ჩაითვლება. ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი. ეს არის ფარული გარიგება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის დიდ ნაწილთან ერთად სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მხარი დაუჭირეს მათი ფრაქციის დეპუტატებმაც - ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმაც.

„ფაქტია, რომ დღეს ოპოზიციის მონაწილეობით მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი ჩაეგდო და კლანის წევრები არ გამხდარიყვნენ საბჭოს წევრები. ჩემთვის მარტივი არ არის კომენტარის გაკეთება ამ ადამიანებზე, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ჩვენს ფრაქციას. ჩემი პოზიციაა, რომ ამ ადამიანებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, მე ვერ ვხედავ მათ ადგილს ჩვენს ფრაქციაში“, - აღნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ.

პარლამენტში განვითარებული მოვლენები არასამთავრობო ორგანიზაციებმაც შეაფასეს. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრების განცხადებით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს მართლმსაჯულების სისტემაში კლანური მმართველობის გასამყარებლად.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მავნებლურ, მართლმსაჯულებისა და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაში „ქართულ ოცნებას“ გარკვეული ოპოზიციური პარტიები დაეხმარნენ და ამ კანიდატებს დაუჭირეს მხარი. ჩვენ კოალიციურად ვაკვირდებოდით კონკურსს და კანდიდატებთან გასაუბრებებს. ერთი რამ ნათელია - ეს კანდიდატები საბჭოში არ არიან შერჩეულნი მათი კრიტიკული პოზიციების გამო, უფრო პირიქით, ისინი შერჩეულნი არიან ლოიალობის მიხედვით. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საკადრო ცვლილებებს რაიმე არსებითი შედეგი ექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, გამყარდება არსებული მანკერი პრაქტიკები და პრობლემები“, - განაცხადა გურამ იმნაძემ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორმა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისთვის 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად ხელმეორედ კენჭს უყრიან მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისაც პირველი კენჭისყრის დროს სხვაზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ. ასეთებად რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა) დასახელდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. რვა წევრს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო - მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს, ხუთს - პარლამენტი, ერთს კი პრეზიდენტი ნიშნავს. მე-15 წევრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც თავმჯდომარეობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).