პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და მოსმენებზე ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტმა, 6 სექტემბერს, პირველივე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე 79 ხმით დაძლია პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ დაამტკიცა ე.წ. მოსმენების კანონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა ძალოვანმა სტრუქტურებმა მოქალაქეებს ფარულად უვადოდ უსმინონ და ამის შესახებ მათ არ შეატყობინონ. ვეტოს დაძლევას მხარი არ დაუჭირა 27-მა დეპუტატმა ოპოზიციიდან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მიღებული ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი; ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე გაიზარდა.

ფარული მოსმენები 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება განხორციელდეს; ფარული მიყურადების სუბიექტს, 100 დანაშაულის შემთხვევაში, შესაძლოა, არც კი შეატყობინონ ამის შესახებ.

აქამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, პირისთვის, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, უნდა ეცნობებინათ ამის შესახებ. კანონში შეტანილი ცვლილებით გარკვეული დანაშაულების მიმართ შეტყობინების ვადა, შესაძლოა, იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ „საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებას“. ნაკლებად მძიმე დანაშაულების შემთხვევაშიც კი, პირმა, შესაძლოა, ვერასდროს გაიგოს, რომ მის მიმართ ფარული მოსმენა ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს საგამოძიებო მოქმედებების გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხები ახალი გამოწვევების წინაშე დადგა: „განსაკუთრებით საყურადღებოა ჰიბრიდულ ომსა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები. შესაბამისად, დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ საფრთხეების თავიდან აცილება და მათზე სათანადო რეაგირება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა. 2014 წლის 1-ელ აგვისტოს ჩატარებული რეფორმის შედეგად, დადგინდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალური ვადა და პირისთვის შეტყობინების ვალდებულება, რაც დადებითად იყო შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

„პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ისედაც მწვავე პრობლემად რჩება ქვეყანაში. სატელეფონო კომუნიკაციის უკანონო მიყურადების არაერთი ფაქტი კვლავაც გამოუძიებელია, მასობრივი თვალთვალის თაობაზე კი ბოლოს გასული წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია 2013-2021 წლებში სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და სხვა პირების კერძო კომუნიკაციების სავარაუდო მასობრივი თვალთვალის პრაქტიკების თაობაზე. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის 196-ე კითხვა სწორედ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტს შეეხება. პირად ცხოვრებაში მასობრივი უკანონო ჩარევების ფონზე, ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო მეტ საკანონმდებლო ბერკეტს ანიჭებს სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული კი, კიდევ უფრო ზრდის თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს“, - აცხადებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 2022 წლის 7 ივნისს მიიღო. 22 ივნისს ცვლილებებს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან გადაუდებელი მოსაზრება მოითხოვა. პრეზიდენტმა ვეტო პირველად გამოიყენა.

26 აგვისტოს, გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომლის შეფასებითაც, საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ღონისძიებები უნდა იყოს ყურადღებით ფორმულირებული და ზუსტად განმარტებული სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს 300 მდე მოქალაქეს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა უკვე გაიმართა, თუმცა, 4 წელია სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).