პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 3 მოსამართლე უვადოდ აირჩია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატის - გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებას. გიზო უბილავა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება და ის ალექსანდრე წულაძის ადგილს დაიკავებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთი წევრის თანამდებობა დღეის მდგომარეობით ვაკანტურია, ხოლო ორ თანამდებობაზე ვაკანსიაზე წარმოიშობა 2024 წლის 18 ოქტომბრიდან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა ამაზე და დასკვნაში გვთავაზობს, წარმოდგენილ კანდიდატებს კენჭი ეყაროს ანბანურად. ის კანდიდატი, რომელიც პირველი აირჩევა, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე გამწესდეს დადგენილების მიღებისთანავე ხოლო დანარჩენი ორი კანდიდატი 2024 წლის 18 ოქტომბრიდან“,  - განაცხადა კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. გიზო უბილავას მხარი 80-მა დაუჭირა, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს კი 78-მა. ოპოზიციას პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს, გიზო უბილავამ, რომელიც ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლე იყო, განაცხადა, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფი, „კლანი“ არ არსებობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, ბადრი შონიამ სასამართლოს წინაშე მდგარ „ნომერ პირველ პრობლემად“  კი დაასახელა „პროპაგანდა, რომ სასამართლო ხელისუფლებას „კლანი“ მართავს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლო გუშაგი“ გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილის არჩევას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დაასრულა უზენაესი სასამართლოს მისთვის სასურველი უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესი.

„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად საქართველოსთვის განსაზღვრული პირობებიდან ერთ-ერთი შეეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეიქმნას სასამართლოში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო მექანიზმი, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არ დაიწყო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, არამედ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  საკითხი დახურულადაც კი გამოაცხადეს. ეს კი სასამართლო სისტემას ართმევს საფუძვლიანი რეფორმირების სამომავლო პერსპექტივას.

დღეს, პარლამენტის მიერ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის მიმართ ლოიალური სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება უარს აცხადებს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნაზე, საქართველოს აშორებს ევროკავშირს“ , - აცხადებს „სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი.

უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება. ოქტომბერში უფლებამოსილების ვადა ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს ამოეწურებათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).