პარლამენტში ონლაინმედიას არც რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვისას დაუშვებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტში, რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დროს, შენობაში უსაფრთხოების დაცვის მოტივით, ონლაინმედიის წარმომადგენლებს კვლავ არ დაუშვებენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

განცხადების მიხედვით, 29 აპრილს პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. 

„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ონლაინმედიის ჟურნალისტები პარლამენტში არც რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვის დროს, 15-17 აპრილს დაუშვეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მათი პარლამენტში შესვლის მიზანი იყო არა „ჟურნალისტური საქმიანობა, არამედ პროტესტის დაფიქსირება“, რაც პაპუაშვილის სიტყვებითვე, აკრედიტაციით „ბოროტად სარგებლობაა“. „საქართველოს ამბები“/„მთის ამბების“ გარდა, განხილვებს ვერ ესწრებიან „ინტერპრესნიუსის“, რადიო თავისუფლების, სტუდია „მონიტორის“, „ნეტგაზეთის“, „პუბლიკას“ და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

29 აპრილის დღის წესრიგის მიხედვით, პარლამენტის წევრები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. სხდომა დილის 9:00 საათზეა დანიშნული. რუსული კანონის გარდა განსახილველია კიდევ სამი საკითხი, მათ შორის გენდერული კვოტების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო.

„ქართული ოცნება“ 29 აპრილს, პარლამენტის შენობის წინ, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ მართავს და რეგიონებიდან ჩამოჰყავს საჯარო სამსახურებში დასაქმებულები, მათ შორის, მათი ნების საწინააღმდეგოდ. საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“ ხელისუფლებას მოუწოდეს, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გადადოს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მონაწილეებმა კი მმართველი პარტია გააფრთხილეს, კანონის მეორე მოსმენით მისაღებად პლენარული სხდომაც 29 აპრილს არ ჩანიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას ხელს შეუშლიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).