პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებული „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიღების შემდეგ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის, განისაზღვრა, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
„ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ჩვენ ეს მიდგომა და რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობიდან გადაეცეს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შეიქმნა. ეს საკითხი სრულად დეპოლიტიზირებული იქნება. ანტიკორფციული ბიურო, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, ბიუროს ხელმძღვანელი არის არაპოლიტიზირებული პირი, სარგებლობს დამოუკიდებლობის გარანტიებით და შესაბამისად, ეს იქნება არაპოლიტიზირებული უწყება, მაქსიმალურად დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკისგან“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას დაიწყებს საკუთარი ინიციატივით, ან საქართველოს მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წვრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე.
„თუ პირი ბიუროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, ის ძალაში ვერ შევა მანამ, ვიდრე ამ საკითხზე მართლმსაჯულება არ დასრულდება“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, რომელიც ყველა შემდეგ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, გავლენას ახდენს მედიამომსახურებაზე და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, დაზუსტდა ტერმინი „პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა“:
„პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს პირი იმ შემთხვევაში თუ ის არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ან პოლიტიკური თანამდებობის პირი; ის პარლამენტის, მთავრობის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობთი ორგანოს, მთავრობის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პირის სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე განწესებული პირია; ის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ან პოლიტიკური პარტიის აღმასრულებელი ან მაკონტროლებელი ორგანოს წევრია; პირი, რომელსაც გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს; ისეთი პირი, თუ მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიისთვის გაიღო 30 000 ლარზე მეტი შემოწირულობა. პოლიტუკურ ცხოვრებაში მონაწილეობად მიიჩნევა, თუკი პირმა ბოლოს ჩატარებულ საერთო არჩევნებში ან შუალედურ არჩევნებში საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფინანსებლად გაიღო 30 ათას ლარზე მეტი თანხა; თუ არსებობს სხვა აშკარა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდა “, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა იმას, თუ რას ნიშნავს „მედიამომსახურებაზე გავლენა“. როგორც ანრი ოხანაშვილმა თქვა, მედიამომსახურებაზე გავლენის მოხდენის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს პირი, თუ იგი არის უდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან რადიომაუწყებლის წილის მესაკუთრე ან თანამესაკუთრე; იგი არის წილის არაპირდაპირი მფლობელი; არსებობს სხვა აშკარა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიაზე გავლენას ახდენდა. ოხანაშვილმა ტერმინის „სხვა აშკარა მტკიცებულება“ განმარტებისას აღნიშნა, რომ „ეს არის დამზღვევი მექანიზმი იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები, რომელიც წინა პუნქტებშია ჩამოთვლილი, შესაძლოა, ვერ დადგინდეს, არ გამოვიდეს სააშკარაოზე“.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კანონპროექტიდან ამოღებულია ოლიგარქად ცნობილი პირისთვის განსაზღვრული აკრძალვა: პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო კამპანიის, შეკრებისა და მანიფესტაციის დაფინანსების თაობაზე.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, მიღების შემთხვევაში 2023 წლის 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელთა შესრულების შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. „ქართულმა ოცნებამ“ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი უკრაინული კანონის მიხედვით შეიმუშავა იმ განსხვავებით, რომ თავდაპირველ ვარიანტში ოლიგარქების რეესტრის შექმნის უფლებამოსილება მთავრობას ჰქონდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ ოლიგარქის სტატუსი არცერთ შემთხვევაში არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს და თუკი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კანონს მიიღებენ, ოლიგარქთა სიაში აღმოჩნდება არა ივანიშვილი, არამედ, მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულის“ 51%-იანი წილის მფლობელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.