ევროკავშირისა და ნატოს წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის. როგორც მან განაცხადა, ნატოში უკრაინის მიღება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„ვიდრე მე ვიქნები სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვიზრუნებ იმაზე, რომ დეპუტატებმა, რომლებზეც მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, არასდროს დათანხმდნენ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - თქვა ფიცომ.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერი თანახმაა, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.
3 ოქტომბერს, ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს. რუტეს თქმით, ეს დაახლოება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქვეყანა ალიანსის წევრი არ გახდება.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ნატოში მიწვევაზეა ფოკუსირებულია და მისი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მიწვევა მიიღოს. „უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს 33-ე წევრი ქვეყანა, უკრაინელები ამას იმსახურებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
წარსულში კომუნისტური პარტიის წევრი რობერტ ფიცო რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომს დასავლეთი აჭიანურებს რუსეთის დასასუსტებლად.
„მიდის სამხედრო კონფლიქტი სლოვაკეთის მეზობელ ქვეყანაში, სადაც რეალურად კლავენ სლავებს და სადაც ევროპა მნიშვნელოვნად უჭერს მხარს ამ მკვლელობას... გთხოვთ, ნუ იტანჯებით ამ რუსოფობიით. მოდით, თუკი დადებითად ვსაუბრობთ წითელ არმიაზე ან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მაშინვე არ თქვათ, რომ ჩვენ პუტინის აგენტები ვართ“, - განაცხადა ადგილობრივ მედიასთან ფიცომ.
მან ასევე თქვა, რომ მომავალ წელს ეწვევა მოსკოვს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავად.
რობერტ ფიცო უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისათვის დაკისრებულ სანქციებს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას აკრიტიკებდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მიმდინარე მანდატი 2027 წელს მთავრდება.
ნატოში ახალი ქვეყნის საბოლოოდ მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის თანხმობა სჭირდება. ალიანსში ბოლოს შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას თვეების განმავლობაში ბლოკავდნენ თურქეთი და უნგრეთი.
