თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტისა და ახალი ამბების წამყვანის, ელისო ჯარიაშვილის არასრულწლოვანი შვილის საქმეზე დამცავი ორდერი გამოსცა. ორდერი გამოიცა ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი აქტივისტის, ხატია ჯანაშიას მიმართ, რომელმაც ძალადობისკენ მოწოდების ვიდეოში ბავშვის კადრები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სასამართლო პროცესი დახურული იყო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ბუსკაძემ გამოაცხადა. ადვოკატები, რომლებიც ბავშვის ინტერესებს იცავენ, აცხადებენ, რომ დამცავი ორდერით მოპასუხე მხარეს აეკრძალა ბავშვის გამოსახულების გამოყენება, მისი ხსენება, ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება თუ ეს აღვივებს სიძულვილს და მოუწოდებს ძალადობისკენ. დამცავი ორდერის დარღვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.
„პირველ რიგში, სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაარღვია ბავშვის უფლებები და ბავშვზე მოძალადეა. ამით სასამართლომ ასევე დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის საკმაოდ მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
სამინისტრომ მიზანმიმართულად გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ბავშვის დედა ან ბავშვის ადვოკატები არ თანამშრომლობდნენ სისტემასთან. არაერთგზის მივმართეთ მათ, მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერი, თუმცა სამინისტრომ დემონსტრაციულად თქვა უარი ბავშვი უფლების დაცვაზე“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა, ანა თავხელიძემ.
უფლებადამცველები განმარტავენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პრეცედენტული მნიშვნელობისაა და დაიცავს ყველა ბავშვს იმისგან, რომ მოძალადე ჯგუფებმა მათი გამოსახულება ძალადობის წასახალისებლად არ გამოიყენონ.
„ეს ნამდვილად არის პრეცედენტული გადაწყვეტილება იმ კონტექსტში, რომ სასამართლოს ჯერ არასოდეს გამოუცია დამცავი ორდერი მესამე პირების მიმართ, რომლებიც ბავშვების გამოსახულების გამოყენებით ან მათი ხსენებით მოუწოდებენ ძალადობისკენ“, - აღნიშნა იურისტმა თამუნა გაბოძემ.
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების აქტივისტმა ხატია ჯანაშიამ ივლისის დასაწყისში, „პრაიდის ფესტივალის“ წინა დღეებში, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოკლიპი, რომელიც მიზნად ფესტივალის და ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ ხალხის მობილიზებას, ორგანიზებული ძალადობის წახალისებას ისახავდა. ვიდეოში გამოყენებული იყო ელისო ჯარიაშვილის შვილის კადრებიც, რომელიც 4 წლის წინ არის გადაღებული და სადაც ბავშვი 7 წლისაა. მშობლისთვის ვიდეოს შესახებ 7 ივლისს გახდა ცნობილი და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იმავე დღეს მოითხოვა რეაგირება, თუმცა შსს-ს შემაკავებელი ორდერი არ გამოუცია. ხატია ჯანაშიამ ვიდეო არ წაშალა და სოციალურ ქსელში შემდეგი დღეების განმავლობაშიც ზიარდებოდა, მათ შორის, სხვადასხვა გვერდებისა და ანგარიშების მეშვეობით.
„დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციულად მითხრა უარი ბავშვის დაცვაზე სწორედ იმიტომ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმოვადგენ და ვარ კრიტიკული ჟურნალისტი“, - განაცხადა ელისო ჯარიაშვილმა.
ჟურნალისტი და ბავშვის უფლების დამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უმოქმედობის ნაწილში დავას გააგრძელებენ.