პრესის საერთაშორისო ორგანიზაციები კობახიძეს მოუწოდებენ რუსული კანონი უკან გაიწვიოს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა 17 ორგანიზაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, უკან გაიწვიოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და დაიცვას მედიის თავისუფლება ქვეყანაში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

წერილის ხელმომწერები გამოთქვამენ ღრმა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი შემოღების, საქართველოში ძალადობის უეცარი ზრდისა და სხვა შეზღუდვების გამო იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ.

„ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ უკან იქნეს გაწვეული კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის არაერთი დამოუკიდებელი მედიის სიცოცხლისუნარიანობას. მას შემდეგ, რაც მედიის მინიმუმ 20 წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დააკავეს დემონსტრაციების გაშუქებისას, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ახლახანს მეორე მოსმენით მიიღეს, ხელისუფლებას აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციის, ზეწოლისა და საბოლოოდ გაჩუმებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას.

კანონი არა მხოლოდ აიძულებს დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიკრან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყი, არამედ იუსტიციის სამინისტროს მისცემს უფლებამოსილებას, ჩაატაროს ამ ორგანიზაციების „საფუძვლიანი კვლევა“ მხოლოდ წერილობითი განცხადების საფუძველზე. იუსტიციის სამინისტროს ექნება უფლება, მოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს, ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, ძირი გამოუთხაროს მათ საქმიანობას და შეარყიოს მათი, როგორც დამკვირვებლის როლი.

საქართველოში პრესის თავისუფლების დაცვა ამჟამინდელი საკანონმდებლო ჩარჩოთია გარანტირებული. მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით, რომელიც უზრუნველყოფს ცენზურის დაუშვებლობას, მედიის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმს. გარდა ამისა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-3 მუხლი უზრუნველყოფს ჟურნალისტების უფლებას, დაიცვან ინფორმაციის წყაროების კონფიდენციალურობა და მიიღონ სარედაქციო გადაწყვეტილებები საკუთარი სინდისის შესაბამისად. ამ მნიშვნელოვან სამართლებრივ გარანტიებს ძირს უთხრის ახალი კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას, პირდაპირ ჩაერიოს და ზეწოლა განახორციელოს ნიუსრუმებზე.

და ბოლოს, ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავისუფლად აკეთონ თავიანთი საქმე. გადაწყვეტილება პარლამენტში ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებისთვის შესვლის აკრძალვის შესახებ, რაც კანონპროექტის საპარლამენტო დებატების დასაწყისშივე იქნა მიღებული, არის მედიის თავისუფლების აშკარა შეზღუდვა და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, თბილისის ქუჩებში პოლიციის ძალადობისა და დაშინების გამო, ჟურნალისტებს არ ეძლევათ საშუალება, უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევა მკაცრად ისჯება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახეზეა ძალადობის მუქარა ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით, მედიის მინიმუმ 20 თანამშრომლის მიმართ განხორციელდა დემონსტრაციების დროს დაკავება, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოგიწოდებთ, სრულად გამოიძიოთ ინციდენტები და უზრუნველყავით დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა“, - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ხელმომწერ 18 ორგანიზაციას შორის, პრესის თავისუფლების ინსტიტუტის გარდა, არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი (OCCRP), ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) და ა.შ.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო მოსმენა 13 მაისის კვირაშია დაგეგმილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).