საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გასულ წელს გაუარესდა და მსოფლიოს პრესის თავისუფლების ინდექსში ქვეყანამ 77-ე ადგილიდან 103-ზე გადაინაცვლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოში, სადაც „მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზებას, ავითარებს მოსკოვთან დაახლოებას და ატარებს პრესის თავისუფლების მიმართ სულ უფრო მტრულად განწყობილ პოლიტიკას“.
„მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელი ნაბიჯია. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც აძლიერებდა პლურალიზმსა და მედიაში გამჭვირვალობას,
მთავრობამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონში ცვლილებით, ასევე, რუსულიდან კოპირებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონით,
რომელიც ქუჩის პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გაუქმდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც 2023 წლის მოვლენებს მიმოიხილავს და არ ასახავს „ქართული ოცნების“ მიერ, 2024 წელს რუსული კანონის დაბრუნებას.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ კვლავ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს, გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, რასაც თან ახლავს ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობა, დამოუკიდებელი მედიის მარგინალიზებისა და თავისუფალი სიტყვისთვის სივრცის შევიწროებისკენ მიმართული კანონების მიღების მცდელობები.
წინა წლების მსგავსად, 2023 წლის ანგარიშშიც ნათქვამია, რომ საქართველოში მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი და ამავდროულად, ძალიან პოლარიზებულია, მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია მედიაში ფართოდ არის გავრცელებული, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა.
„ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს მის მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის პასუხის გაცემაზე და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, რეიდებს, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და დაშინებას. ზოგჯერ სასამართლოები ცდილობენ შელახონ წყაროების კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით ეს გარანტირებულია“, - წერია ანგარიშში.
2023 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, უკრაინის მდგომარეობა 18 პოზიციით გაუმჯობესდა და 61 ადგილს იკავებს. 31-ე ადგილზეა მოლდოვა.
საერთაშორისო რეიტინგი სულ 180 ქვეყანას მოიცავს. რუსეთი 162-ე ადგილზეა, ხოლო ბელარუსი - 167-ზე.
რაც შეეხება რეიტინგის მოწინავე ქვეყნებს, სადაც მედიისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემოა, ზედიზედ რვა წელია, პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს. მას მოსდევენ დანია, შვედეთი, ნიდერლანდები და ფინეთი. რეიტინგის ათეულს გერმანია ასრულებს.