საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მიმართავს და ითხოვს დეტალურ ინფორმაციას 3 ივლისის კენჭისყრაზე, რომლის საფუძველზეც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლეულად გამოცხადდა. „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრის შედეგები გააყალბა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
3 ივლისის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შესახებ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და კენჭი უყარა „ქართული ოცნების“ კანონპროექტის პირვანდელ, ანუ 13 ივნისს მიღებულ რედაქციას. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ 2 დეპუტატით მეტმა. ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას ხმა მისცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ 67-მა წევრმა, პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ 9 წევრმა, „ევროპელი სოციალისტების 2-მა წარმომადგენელმა (ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე). „საქართველოს ამბებმა“ ვიდეომასალიდან, რომელიც პარლამენტის სხდომის სრული ჩანაწერია, დაითვალა, რამდენი დეპუტატი იმყოფებოდა დარბაზში იმ დროს, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრის რეჟიმი ჩართო. სხდომათა დარბაზში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხარეს 61 დეპუტატია, ამას ემატება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის 1 ხმა და გამოდის, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დასაძლევად მხოლოდ 62 ხმა ჰქონდა და არა 67, როგორც ეს კენჭისყრის საბოლოო შედეგებში აისახა.
ამ გარემოებაზე ყურადღება პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა კენჭისყრის დასრულებისთანავე გაამახვილა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ასევე მანდატურთუხუცესს მიმართა, ხმები თავიდან დაეთვალათ. პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვა არ გაითვალისწინა.
„ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, როცა 76 იყო საჭირო. ვეტო პროცედურულად არასწორად არის დაძლეული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა იქვე გამოვლინდა და პროცედურების თანახმად, მოთხოვნილი იყო ხმების გადათვლა. ცხადია, ეს მთელი საარჩევნო კანონმდებლობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, რაც ნებისმიერ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას ასევე სადავოდ გახდის“, - ამბობს რაქვიაშვილი.
სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას, „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომათა დარბაზში არმყოფი თანაპარტიელების ნაცვლადაც მისცეს ხმა, რაც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა.
საპარლამენტო უმრავლესობას ამ საკითხზე განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
„საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცესში პრეზიდენტის როლი შეიზღუდა და „ქართულ ოცნებას“ საშუალება მიეცა თანამდებობის ამ პირების არჩევაზე გადაწყვეტილებები ერთპარტიულად მიიღოს. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარისა და 7 ე.წ. არაპარტიული, პროფესიული წევრის შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ნაცვლად. კომისიის შემადგენლობაში იქნება 9 წევრი, მათ შორის, პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე (პრეზიდენტის ნაცვლად). თუ პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას, რაც ნაკლებად სავარაუდოა, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, პარლამენტს თავისი კანდიდატურები წარუდგინოს.
ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერით აირჩევს. ცვლილებებამდე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, 2/3 ნაკლები მხარდაჭერით არჩევის შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვით განისაზღვრებოდა.