პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და ევროკომისიის უარყოფითი შეფასების მიუხედავად, კანონპროექტის პირველი ვერსია, 78 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე გამწესების პროცესში პრეზიდენტის როლს ზღუდავს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ცესკოს თავმჯდომარისა და 7 ე.წ. არაპარტიული, პროფესიული წევრის შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ნაცვლად. კომისიის შემადგენლობაში იქნება 9 წევრი, მათ შორის, პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე (პრეზიდენტის ნაცვლად). თუ პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას, რაც ნაკლებად სავარაუდოა, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, პარლამენტს თავისი კანდიდატურები წარუდგინოს. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერით აირჩევს. საარჩევნო კოდექსის დღემდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა, 2/3 ნაკლები მხარდაჭერით არჩევის შემთხვევაში, მათი უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 6 თვეა.

დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

„მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი ზეპარტიული თანამდებობის პირია, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მოცემულ ვითარებაში, მმართველი გუნდის წევრი და პარლამენტის უმრავლესობით არჩეული, პრეზიდენტის როლის არსებითად შემცირება ცესკოს ე.წ. არაპარტიული, პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესში, გაუმართლებლად უნდა იქნეს მიჩნეული“, - განაცხადა მსხილაძემ.

პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის საპარლამენტო პროცედურაში კონსენსუსის საჭიროება შენარჩუნებული ყოფილიყო - „რათა მათი არჩევა არ მოხდეს ფაქტობრივად ერთპარტიულად, მხოლოდ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და არ შეექმნას საფრთხე დამოუკიდებელი და უპარტიო თავმჯდომარის/წევრის ინსტიტუტის არსებობას“.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის 22 ივნისის ანგარიშზე, რომლითაც პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებები გაკრიტიკებულია და აღნიშნულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ჩარჩოს გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციის შესასრულებლად მათი გაუქმებაა საჭირო.

„იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან მცირე დრო არის დარჩენილი და ჩვენს თითოეულ ნაბიჯს გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს, მოგიწოდებთ, რომ აღნიშნული ვეტო არ იქნას დაძლეული, გათვალისწინებული იყოს მოტივირებული შენიშვნები, პარლამენტში გაგრძელდეს კონსულტაციები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის შესახებ“, - აღნიშნა მსხილაძემ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ საბოლოო მიზანია, ცესკოს თავმჯდომარე მმართველი პარტიისთვის სანდო პირი გახდეს.

„შესაძლოა გიორგი კალანდარიშვილთან [ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - რედ.] მეც არ მქონდეს განსაკუთრებული პრეტენზიები, მაგრამ დავსვათ კითხვა, რატომ გახდა ეს პრობლემური? რატომ გადავაყოლეთ ერთ ადამიანს? მაინც და მაინც კალანდარიშვილი რომ იყოს [ცესკოს თავმჯდომარე]? სხვა ადამიანი არ გამოვიდოდა? მთელი ეს ამბავი ხომ იმიტომ დაიწყო, რომ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ გინდოდათ კალანდარიშვილი და სხვადასხვა მიზეზის გამო კონსენსუსი არ შედგა. სხვა ადამიანი არაა? უამრავი ადამიანი მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში, ვისაც ეს პოზიცია უნდა, მაგრამ თქვენ გჭირდებათ პირადი ნდობით აღჭურვილი ადამიანი. ნდობა არ ჩნდება ჰაერზე“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი დაკვეთით მოქმედებდა და ცესკოში ხელოვნურად ცდილობდა კრიზისის შექმნას.

„ორ წელზე მეტია, ცესკოში არ გვყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე და ორი წევრი. არის გიორგი კალანდარიშვილი მოქმედი თავმჯდომარე და ასევე ორი წევრი, რომლებმაც ჩაატარეს რამდენიმე არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით და რამდენიმე შუალედური არჩევნები. მინდა, შეგახსენოთ, რომ არცერთ ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ ყოფილა კრიტიკული შენიშვნები. ეს ადამიანები მონაწილეობას იღებენ კიდევ ერთხელ კონკურსში; კონკურსი ავლენს, რომ ისინი არიან საუკეთესოები თავიანთი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებით და მაინც არ წარადგენს მათ პრეზიდენტი. საბაბი არის ის, რომ მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ კალანდარიშვილს და ცესკოს ორ წევრს. კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მათ პატრონებს უნდათ, რომ ცესკო იყოს  ოპოზიციის ხელში, რაც პრინციპულად მიუღებელია. ცესკო უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი ინსტიტუტი და ასე უნდა მუშაობდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ცესკოში შეიქმნას არაჯანსაღი ვითარება, როდესაც ცესკო ორიენტირებულია არა არჩევნების სათანადო მენეჯმენტზე, არამედ მიდრეკილია საარჩევნო პროცესში საბოტაჟისაკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ამ დროისთვის ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი კალანდარიშვილი ასრულებს. 2022 წლის 22 დეკემბერს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს, თამარ ალფაიძეს მხარი არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა, მეორეს, რევაზ ეგაძეს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა. შესარჩევ კონკურსში გიორგი კალანდარიშვილიც მონაწილეობდა, თუმცა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა პარლამენტს არ წარუდგინა, რაც იმით ახსნა, რომ წინა ორ შემთხვევაში კალანდარიშვილმა ვერ შეძლო პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერის მოპოვება და შესაბამისად, თანამდებობაზე 6-6 თვიანი ვადით იყო არჩეული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.