„ქართული ოცნება“ აპირებს, რომ პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება შეუზღუდოს. შესაბამისი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 3 მაისს დაარეგისტრირეს და ის ბიუროს სავარაუდოდ დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
დაგეგმილია ცვლილებების შეტანა საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში. კანონპროექტის თანახმად:
- ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე (პრეზიდენტის ნაცვლად). ამასთან, გათვალისწინებულია საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა;
- ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურებს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. გათვალისწინებულია პრეზიდენტის მონაწილეობა კანდიდატურების წარდგენის პროცესში. კერძოდ, თუ პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ყველა ვაკანსიის შევსებას, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, კონკურსის სხვა კანდიდატთაგან პარლამენტს თითოეულ დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ერთი კანდიდატურა წარუდგინოს;
- ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით;
- ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს პარლამენტი აირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერით.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არაუმეტეს 17 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკოს მდივანი. საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ცესკოს 7 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები. პრეზიდენტს აქვს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება. ის გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით ასარჩევად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა. ცესკოს იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც 2/3 ნაკლები ხმით არის არჩეული, მხოლოდ 6 თვეა.
ცესკოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ოპოზიციური პარტია „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ერთპარტიულ ოკუპაციას უკეთებს“.
„მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ხელისუფლება პროცედურებს თავის თავზე ირგებს - მას შეეძლება ცესკოს თავმჯდომარე მარტომ, ყველასთან შეუთანხმებლად აირჩიოს და შესაბამისად, პროცესი წარმართოს ანტიდემოკრატიულად, ისე, როგორც მოესურვება.
ახალი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს ირჩევენ პარლამენტის წევრები უბრალო უმრავლესობით, ანუ ერთპარტიულად და თანაც 5 წლის ვადით. უგულებელყოფილია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნები.
ამავდროულად, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ერთმევა კონსტიტუციური პრეროგატივა, წარუდგინოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურები. ეს არის იერიში პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რაც იმით არის განპირობებული, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატები არ წარუდგინა.
შარლ მიშელის მთავარი მონაპოვარი იყო ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ისეთი მექანიზმი, რომელიც მოითხოვდა კვალიფიციურ, 2/3-ის უმრავლესობას პარლამენტში, დაფუძნებული უნდა ყოფილიყო კონსენსუსზე და პარტიებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების საჭიროებაზე. ამ პაკეტის მიხედვით, ეს ყოველივე ანულირდება“, - განაცხადა სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ თუ პარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიიღებს, „ეს იქნება ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარების გზაზე“.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები, რომელთა შორის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეც არის, განმარტავენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ანალოგიური ორგანოს წევრების და მითუმეტეს, ხელმძღვანელი პირის საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული წესის მსგავსი პროცედურით არჩევის შესაძლებლობას.
ამ დროისთვის ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი კალანდარიშვილი ასრულებს. 2022 წლის 22 დეკემბერს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატიდან ერთ-ერთს, თამარ ალფაიძეს მხარი არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა, მეორეს, რევაზ ეგაძეს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა. შესარჩევ კონკურსში გიორგი კალანდარიშვილიც მონაწილეობდა, თუმცა პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა პარლამენტს არ წარუდგინა, რაც იმით ახსნა, რომ წინა ორ შემთხვევაში კალანდარიშვილმა ვერ შეძლო პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერის მოპოვება და შესაბამისად, თანამდებობაზე 6-6 თვიანი ვადით იყო არჩეული. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.