ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
ცესკოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში, პრეზიდენტი „უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და ცრუ ბრალდებებით საზოგადოებაში ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობას აღვივებს“.
„პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რომელმაც უმნიშვნელოვანეს არჩევნებს გაუწია ორგანიზება უმაღლეს დონეზე. ის, რომ არჩევნები კვალიფიციურად და პროფესიულად იყო ადმინისტრირებული, დაადასტურა ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთ განცხადებებსა თუ შეფასებებში. თუმცა პრეზიდენტი ცდილობს, ვითარება სხვაგვარად წარმოაჩინოს.
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და ამისთვის ისეთ წარმოუდგენელ ბრალდებებს აჟღერებს, როგორიცაა მაგალითად, ის, რომ ერთი პირადობით ხმის მიცემა რამდენჯერმე ხდებოდა“, - აცხადებენ ცესკოში.
საარჩევნო ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ იმ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელია ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
„შესაბამისად, შეუძლებელია ერთი პირადობით რამდენჯერმე ხმის მიცემა, ორმაგი ვერიფიკაცია და ის რომ ერთი ამომრჩეველი რამდენიმე უბანზე იყოს რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ „ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება.“ და როგორც თავად ამბობს, ამის შესახებ ინტენსიურად საუბრობს საერთაშორისო მედიასთან და სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირებთან.
საარჩევნო ტექნოლოგიებმა 26 ოქტომბერს იმუშავა გამართულად და ეს ნახა ყველა იმ საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, საარჩევნო სუბიექტების და მედიის წარმომადგენლებმა რომლებიც აკვირდებოდა პროცესს. ამ ყველაფრის ფონზე, ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციის მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა რეალობის უარყოფა და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს. მისი თქმით, გამოყენებული იქნა „გაყალბების ყველა ცნობილი რესურსი“, მათ შორის ახალი ტექნოლოგიები. „ეს არის ელექტრონული ხმის მიცემის მოწყობილობები, რომლებიც მართალია, ავტონომიური უნდა იყოს, მაგრამ დანიშნულებისამებრ არ იყო გამოყენებული. მათ იყენებდნენ როგორც „კარუსელს“ - ხალხს აძლევდა საშუალებას ნასესხები პირადობის მოწმობებით, გადამოწმების შესაძლებლობის გარეშე სხვადასხვა უბაზნე მრავალჯერ მიეცათ ხმა“, - თქვა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმაც“ აცხადებს, რომ არჩევნეზე წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების სქემა მოქმედებდა და ამისთვის ვერიფიკაციის აპარატებიც იყო გამოყენებული, სადაც პირადობის ნომრები შეჰყავდათ.
პარტიები „გახარია - საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოსგან ითხოვენ, ამომრჩეველს მისცეს შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მისულთა სიაში. კერძოდ, გიორგი გახარიას თქმით, ამომრჩეველს უნდა შეეძლოს შეამოწმოს, მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა.
