კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შევიდნენ. მათ ორბელიანების სასახლიდან იქ დროებით განთავსებული ხუთი ნამუშევარი გამოიტანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
საუბარია მხატვარ სვიმონ დადიანის ნამუშევრებზე. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ნამუშევრების ორბელიანების სასახლეში ორი წლით განთავსებაზე ხელშეკრულება 2020 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისინი უკან არ დააბრუნა.
„ძალიან უმნიშვნელო დაზიანება აქვს ერთ ნამუშევარს, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს იმიტომ, რომ უნდა მოხდეს ფოტოფიქსაცია. იყო მიღება-ჩაბარების აქტი, რესტავრატორის დასკვნა, ყველა საბუთი წესრიგში იყო ორივე მხრიდან, მაგრამ მოხდა... შემთხვევით ხდება ყველაფერი. ჩვენ მოვედით, რომ ეს სამუშევრები წავიღოთ, მოხდეს მისი [დაზიანებული ნახატის] რესტავრაცია და მერე განიხილება საკითხი, უკან დაბრუნდება ეს ნამუშევრები ისევ დროებით, თუ არა“, - განაცხადა ხელოვნების სასახლის ფონდის მცველმა ელო ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან.
კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ნამუშევრების წასაღებად ორბელიანების სასახლეში 10 თებერვალსაც მივიდნენ. როგორც ინსპექციის უფროსის მოადგილე, კახაბერ ჭუმბაძე ამბობს, „გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მიიღეს“ და ნახატების წაღებაში ხელი შეეშალათ.
„ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება, წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუციაზე თავდასხმის მცდელობას, არის პოლიტიკური“, - განაცხადა კულტურის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, კონსტანტინე ნაცვლიშვილმა. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნახატების გამოფენის ვადები არ დაურღვევია, რადგან ხელოვნების სასახლესთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს. გარდა ამისა, როგორც კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, მცირედი დაზიანება, რომელიც ნახატს აქვს, ვერ დგინდება, როდის იქნა მიყენებული - სასახლეში გადატანის შემდეგ თუ მანამდე.
„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“, - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 12 თებერვალს, მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდასაჭერად ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციას.
ხელოვანებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანდრო სულაბერიძის მიერ გალერეის კედელზე წარწერის გაკეთების ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
4 თებერვალს, გამოფენის გახსნისას, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ დაწერა. მომხდართან დაკავშირებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე პოლიციაში დაიბარეს და გამოკითხეს.
ხელოვანები მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს და სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ.