პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ე.წ. მოსმენების კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიასაც. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს, პირველივე საშემოდგომო პლენარულ სხდომაზე 79 ხმით დაძლია. ვეტოს დაძლევის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა კანონის ხელმოწერაზე კვლავ უარი თქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
შალვა პაპუაშვილის თქმით, არ არსებობს არც სამართლებრივი და არც მიზანშეწონილობის კუთხით არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლიდა კანონის ამოქმედებას და აქედან გამომდინარე, მას ხელი თვითონ მოაწერა.
„ისევე, როგორც პრეზიდენტის ვეტოში, ვენეციის კომისიამაც ვერ დაადგინა წინააღმდეგობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რომელიმე ევროპულ თუ საერთაშორისო სტანდარტთან. ამასთან, ვენეციის კომისიამაც, საქართველოში ცალკეულ აქტორებთან მის გასაუბრებაზე დაყრდნობით, გაიმეორა მოსაზრება კანონის მიღების ტემპთან და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ეს არის ის აღქმა, რისი ჩამოყალიბების მცდელობაც, სამწუხაროდ, ამ კანონის მიმართ იყო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონპროექტის განხილვა არა დაჩქარებულად, არამედ სტანდარტული წესით წარიმართა და საბოლოოდ, პარლამენტმა ის ინიცირებიდან ორ თვეში, ხოლო ვეტოს დაძლევის გათვალისწინებით, ხუთ თვეში მიიღო. „ეს ყველაფერია, გარდა სიჩქარისა“, - თქვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც 2018 წლის ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტია, ვეტო პირველად გამოიყენა.
„როდესაც პარლამენტი, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას და არ იზიარებს შენიშვნებს, არ არსებობს საფუძველი, კანონს ხელი არ მოეწეროს. მუხლები, რომლებზეც არის მსჯელობა, ეხება, მაგალითად, ადამიანებით ვაჭრობას, მკვლელობას, ტერორიზმს. ამ საკითხებთან დაკავშირებით რომ გამოძიება ეფექტური უნდა იყოს, მგონი, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს საკითხი სრულად ეხება როგორც ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოებას, ასევე დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის ეფექტიანად გამოძიებას. ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ეს ეფექტიანი მეთოდებით იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მიღებული ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დამატებით 27 დანაშაულზე იქნება შესაძლებელი; ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე გაიზარდა.
ფარული მოსმენები 100 დანაშაულზე უვადოდ შეიძლება განხორციელდეს; ფარული მიყურადების სუბიექტს, 100 დანაშაულის შემთხვევაში, შესაძლოა, არც კი შეატყობინონ ამის შესახებ.
აქამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, პირისთვის, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, უნდა ეცნობებინათ ამის შესახებ. კანონში შეტანილი ცვლილებით გარკვეული დანაშაულების მიმართ შეტყობინების ვადა, შესაძლოა, იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ „საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებას“. ნაკლებად მძიმე დანაშაულების შემთხვევაშიც კი, პირმა, შესაძლოა, ვერასდროს გაიგოს, რომ მის მიმართ ფარული მოსმენა ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს საგამოძიებო მოქმედებების გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.