„საქართველოს ამბების“ მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, 2018 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 6 მაისამდე პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნა რუსეთის ფედერაციის 6456 მოქალაქის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნა. აქედან, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭა 5 პირს, გამარტივებული წესით - 4 პირს, სპეციალური წესით - 5 პირს, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 6 423 პირს, ხოლო საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარი ეთქვა 19 პირს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
როგორც „საქართველოს ამბებს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერილობით აცნობეს, რუსეთის ფედერაციის 6 423 მოქალაქეს შორის, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭათ, 6 013 პირი წარმოშობით არის საქართველოდან, 362 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, 40 პირი წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს, 5 პირი საქართველოში ახორციელებს ან განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა, 3 პირს საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდა.
ამავე პერიოდში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის 20 მოქალაქის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნა. აქედან, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭა 12 პირს, გამარტივებული წესით - 5 პირს, სპეციალური წესით - 1 პირს, საგამონაკლისო წესით - 1 პირს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარი ეთქვა 1 პირს. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აზერბაიჯანის მოქალაქის მიერ, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრებული არ ყოფილა.
2018 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 6 მაისამდე პერიოდში, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შესახებ დადებითი დასკვნების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 7 300 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს.
ამავე პერიოდში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია 10 821 პირის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის გამო, აგრეთვე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილებების საფუძველზე - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობების არარსებობის გათვალისწინებით. აღნიშნული დასკვნების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, რაც ჩაითვალა საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
„საქართველოს ამბებმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით 2012-2023 წლების მონაცემები 5 მაისს გამოითხოვა, თუმცა ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გადმოგვეცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, 2012 წლიდან 2018 წლის 4 სექტემბრამდე მოქალაქეობის საკითხებზე სტატისტიკის წარმოებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იყო. სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაცია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგაც არ გადმოგვცა, რის გამოც „საქართველოს ამბებმა“ სარჩელით სასამართლოს მიმართა.