ისტორიკოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დიმიტრი შველიძემ შეაჩერა მუშაობა უახლესი ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოზე, რომლის რედაქტორიც „ქართული ოცნების“ წევრი და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილია. როგორც პროფესორმა განაცხადა, მუშაობას აჩერებს დროებით ან საერთოდ, იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი, გაგრძელდება თუ არა სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მანამდე, 19 სექტემბერს ისტორიის მკვლევარმა და მასწავლებელმა, გიორგი ჯავახიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ XII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი „ბუნდოვანი მიზეზების“ გამო შეაჩერა და მოსწავლეებისთვის ამზადებს საქართველოს ისტორის მასალა-რესურსს, რომელიც „ერთადერთი და ექსკლუზიური გზამკვლევი იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც ჩაახშობს ყველა განსხვავებულ აზრს“. მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერდა, რომ პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი, დიდი ალბათობით, ცენზორის როლს შეასრულებს და ყველა იმ სიტყვას გააკონტროლებს, „რაც საქართველოს უახლეს, მეტად მტკივნეულ პერიოდს ეხება“.
დიმიტრი შველიძის თქმით, ე. წ. „სასწავლო რესურსზე“, რაშიც იგულისხმება სასწავლო საგანი „საქართველოს XX-XXI საუკუნეების ისტორია“, მუშაობა მიმდინარე წლის ზაფხულში, ივნის-ივლისში დაიწყო.
„როგორც განათლების სამინისტროში აგვიხსნეს, უნდა მომზადებულიყო - დროებითი სახელმძღვანელო, ანუ როგორც უწოდებენ - „სასწავლო რესურსი“. მე-12 კლასისათვის, საქართველოს ისტორიაში. „სასწავლო რესურსი“ მოიცავს სამ თემას და შესაბამის პერიოდს: 1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; 2. საქართველო საბჭოთა კავშირში; 3. საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.
როგორი ვითარებაა დღეისათვის. დღემდე მე მოვამზადე „რესურსის“ პირველი ნაწილის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, უნდა ისწავლებოდეს - წელს, პირველ სემესტრში.
ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი, ისტორიის სახელმძღვანელოებზე აქამდე მიმდინარე კონკურსების შესაძლო გაუქმებისა და ერთი, მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღების შესახებ.
ამგვარი შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი ბ-ნ გიორგი ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ფბ განცხადებაში, რომელსაც მოჰყვა ფართო გამოხმაურება.
იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი - გაგრძელდება თუ არა - სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები.
ამავდროულად, დასაშვებად მიმაჩნია, რომ გამოყენებული იქნას ჩემს მიერ დაწერილი, საქართველოს ისტორიის პირველი თემის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რათა მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, 1924 წლის ბოლომდე, პირველი სემესტრის განმავლობაში, რათა არ დაზარალდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები.
არის კიდევ ერთი საკითხი. „სასწავლო რესურსი“ ითვალისწინებს მესამე დიდ თემას, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, ეწოდება „საქართველო და თანამედროვე მსოფლიო“. მასში მითითებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი: „1990 წლის არჩევნები საქართველოში; დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს“. მე წინადადება მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ - სასწავლო პერიოდი განივრცოს და სრულად მოიცვას 1990-2010-იანი წლები. ამ წინადადებაზე მივიღე სიტყვიერი თანხმობა.
თუ ვინმე დაინტერესდება, თუ რა არის ჩემი საყრდენი კონცეპტუალური ხედვა, საქართველოს თანამედროვე ისტორიის საკვანძო საკითხების შესახებ, შეუძლია გადაათვალიეროს ჩემს მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის: „საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2012)“. „მერიდიანი“. 2021.
დავასკვნი: ჩემ მიერ ან ჩემი მონაწილეობით მომავალში შექმნილი სახელმძღვანელო, ყველა შემთხვევაში, იქნება ერთ-ერთი და არა - ერთადერთი“, - წერს დიმიტრი შველიძე სოციალურ ქსელში. სახელმძღვანელოზე განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, მედიევისტი ნიკო სილაგაძეც მუშაობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ შეარჩია ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორად „ქართული ოცნების“ დეპუტატი.
ისტორიის დოქტორი გიორგი სოსიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი 2023 წლის 1-ელი ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად გახდა. მანამდე, 2011-2023 წლებში ის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი იყო, 2021 წლიდან კი მუნიპალიტეტის საკრებულოში მმართველ პარტიას წარმოადგენდა. ჯერ უცნობია, მოხვდება თუ არა სოსიაშვილი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში. მას არ გაუპროტესტებია პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 სერქტემბერს გორში გაკეთებული განცხადება, რომ არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც „ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.