რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე. ე.წ. აფხაზური პასპორტის მქონე პირები შეძლებენ რუსეთის მოქალაქეობა დე ფაქტო აფხაზეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღების უფლება ექნებათ რუსებსაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
ე.წ. შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს, მოსკოვში მოეწერა, 2023 წლის 5 ივლისს კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ იქნა დამტკიცებული. საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს არ გამოხმაურებია.
„ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება ეს არის გადაადგილების თავისუფლება, სოციალური გარანტიები, ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოების, სამხედრო სამსახურის აღიარების საკითხების გადაჭრა“, - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს „რუსეთთან ძმური ურთიერთობების და დიალოგის მაღალი დონის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეეძლებათ პირებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდათ აფხაზეთის მოქალაქეობა და დღემდე შეინარჩუნეს.
აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. ორმაგი მოქალაქეები ისარგებლებენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ. იგივე პრინციპი მოქმედებს სამხედრო სამსახურში გაწვევაზეც. ამასთან, მათ, ვინც, მაგალითად, აფხაზეთში უკვე მოიხადეს სამხედრო სამსახური, რუსეთში აღარ გაიწვევენ.
ე.წ. შეთანხმების მოქმედების ვადა ხუთი წელია და ის ავტომატურად გაგრძელდება, თუ რომელიმე მხარე წინასწარ არ განაცხადებს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. შეთანხმებიდან გასვლა მოქალაქეობის ავტომატურ შეწყვეტას არ გამოიწვევს.
