ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ალმათიში ინტერნეტ თაღლითების ქოლცენტრი გამოავლინა და საქართველოს 24 მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟანდოს სუიუნბაიმ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ დამატებითი დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.
სუიუნბაიმ ბრიფინგზე თქვა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, ინტერნეტ-ღაღლითობის 4000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, თაღლითების ქმედებების შედეგად კი მოქალაქეებმა 3 მილიარდზე მეტი ყაზახური ტენგე, ანუ დაახლოებით 6 603 885 აშშ დოლარი დაკარგეს.
თაღლითობის ყველაზე გავრცელებული ხერხი ინტერნეტში ვაჭრობაა. ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა თქვა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოიმატა ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევებმა. ხშირად თაღლითები მოქალაქეებს ბანკის ან სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის სახელითაც ურეკავენ და ასე ცდილობენ მათი პერსონალური ინფორმაციის გარკვევას.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის საწინააღმდეგო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 აპრილიდან 20 აპრილამდე პერიოდში ჩაატარა. თაღლითობაში ბრალდებულები დააკავეს ასტანასა და შიმკენტშიც. პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ შიმკენტში თაღლითებმა ფარმაცევტული კომპანია Health Time-ის კლიენტთა ბაზა მოიპარეს. ისინი ბაზაში მყოფ პირებს ურეკავდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ავტომობილი მოიგეს და გადასახადს ახდევინებდნენ. თანხა ფსონების კომპანია 1Xbet-ის ანგარიშებზე ირიცხებოდა, საიდანაც მას თაღლითები ხსნიდნენ.
აპრილის დასაწყისში ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება გლობალურ თაღლითურ ქსელზე, რომელმაც რიგითი ადამიანები „მილიარდ დოლარზე მეტით გაძარცვა“. თაღლითური ქოლცენტრები კიევსა და თბილისში იყო განთავსებული. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი. თავად კეზერაშვილი ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდებები ცილისმწამებლურია და საგამოძიებო მასალაში არაერთი ფაქტი განზრახ არის დამახინჯებული. ის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
თბილისში „თაღლითური ქოლცენტრების“ გამოვლენის მიზნით სპეცოპერაცია რამდენჯერმე ჩატარდა, მათ შორის, გერმანელი სამართალდამცველების მონაწილეობით. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.
