რა არგუმენტები აქვთ მხარეებს - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა სასამართლოში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტო - „ბათუმელები“

„ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად. ალბათ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის „ეს იურისტების პოზიციაა, მე რა ვიცი, მე ხომ იურისტი არ ვარ, იმათ გააკეთეს ასეთი განმარტება, მე ასე არ ვფიქრობ“. მე გამიკვირდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ზის დარბაზში, რომელმაც, წესით, კარგად იცის შიდა სამზარეულო, თქვენთან ერთად რომ არ არის წარმოდგენილი“, - განაცხადა საქართველოს სკაონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიხსნა. პრეზიდენტის წარმომადგენლები - „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი არიან.

საქმის არსებითი ნაწილის განხილვის დაწყებამდე, ვიდრე მოსამართლე ტურავა იკითხავდა, რატომ არ ესწრებოდა სხდომას პრეზიდენტი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „პრეზიდენტის არჩამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაა“.

„ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც, ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა კობახიძემ.

„პრეზიდენტს შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენელი. ჩვენს მიმართ საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა სრული ნდობა. არა მხოლოდ სამართლებრივ, ყველა ფაქტობრივ საკითხზე გვაქვს ინფორმაცია. ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, რომ თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა“, - განმარტა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა.

პარლამენტის წევრებმა ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა, მამუკა მდინარაძემ და სხვებმა (სულ 80 დეპუტატი) პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართეს. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, რადგან მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მაინც დაიწყო. „ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, ვიზიტებს გავაგრძელებ“, - ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში. ამ მუხლში წერია, რომ პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის სახელით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და ასევე, მოლაპარაკებების წარმოება. პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია, მაინც განახორციელა ვიზიტი - დაირღვა კონსტიტუცია“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს სამი სხვადასხვა ფორმით პირდაპირ აქვს აღიარებული, რომ ის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს ახორციელებდა:

„მან თავად ითხოვა თანხმობა ვიზიტზე. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას და მას შემდეგ, რაც თანხმობა ვერ მიიღო, მაინც განახორციელა ვიზიტი. მას რომ ჰქონოდა იმის რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს თანხმობა არ სჭირდებოდა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით.

ასევე, მან მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ვიზიტები ბიუჯეტიდან არ იყო დაფინანსებული და კერძო თანხებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, რაც მორიგი აღიარებაა. თუ ვიზიტი ლეგიტიმური იყო, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? ეს იყო პირდაპირი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური და ამიტომ მოუწია მას არა ბიუჯეტის, არამედ საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას რომ ბიუჯეტის ფული დაეხარჯა, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა, რადგან ეს კანონმდებლობით, არამიზნობრივი ხარჯია. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, შესაძლოა, კონკრეტული დეპუტატების იმედი გქონდეს, რომ მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ დანაშაულს ჩადიხარ, პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები. ამიტომ, მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ არალეგიტიმურ ვიზიტში მიდიოდა. ამიტომ, არა ბიუჯეტის, არამედ საკუთარი ფული დახარჯა.

რამდენიმე დღის წინ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა ინტერვიუ, სადაც გააკეთა განცხადებები: ოფიციალურად არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი განმეხორციელებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ამაზე მეტი აღიარება არ ვიცი“.

კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა იმ მმართველობის სისტემას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი.

„წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს - მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან“, - აღნიშნა სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა, რაზეც კობახიძემ უპასუხა: „პრაქტიკა არის ხარვეზიანი. ეს ხარვეზი გამოსასწორებელია, მაგრამ როგორც კი გამოსწორდება, ქვეყანას ახალი უხერხულობები შეექმნება. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაც ჩამოვა საქართველოში, შეიძლება მთავრობა არ იყოს იმის მომხრე, რომ პრეზიდენტს შეხვდეს საქართველოში ჩამოსული რომელიმე პრეზიდენტი და ა.შ. არის პოლიტიკური ნიუანსები, რის გამოც შეიძლება რაღაც მომენტი თვალი დახუჭო ხარვეზიანი პრაქტიკის შენარჩუნებაზე, მაგრამ ეს კავშირში არაა სარჩელის შინაარსთან, რადგან პარლამენტი და მთავრობა კონსტიტუციას არ არღვევენ“.

„როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, მაშინ ამისთვისაც უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა განმარტა, რომ არ არსებობს არავითარი სამართლებრივი და ფაქტობრივი არგუმენტაცია, წარდგინებაში მოყვანილი სამი შეხვედრის კონსტიტუციის დარღვევად მიჩნევისთვის.

„ყურადღება უნდა მიექცეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით მისი უფლებამოსილება საკმაოდ შეზღუდულია, გასათვალისწინებელია, რომ კონსტიტუციის თანახმად, ის არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და ბუნებრივია, კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს ანიჭებს გარკვეული სახის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში, სადაც პრეზიდენტს არ სჭირდება მთავრობის თანხმობა. წარდგინებაში მითითებული ევროპული ვიზიტები სრულიად განსხვავებული ფორმატით ჩატარდა“, - მაია კოპალეიშვილის თქმით, წარდგინების ავტორები სპეციალურად უვლიან გვერდს კონსტიტუციის 49-ე მუხლის დასახელებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

„ამ მუხლითაა სწორედ განსაზღვრული პრეზიდენტის ფაქტობრივ სამართლებრივი სტატუსი. 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად, მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობაში დასახელებული დებულების ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად დადგება კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსის გამიჯვნის საჭიროების წინაშე“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების განხილვას, 4 ოქტომბერს, 11:00 საათზე გააგრძელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს, გადაწყვეტილების შემდეგ კი პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს და მხარს არ უჭერს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.