პარლამენტმა 1-ელი მოსმენით მიიღო „თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც მთავრობის მოთხოვნით დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებები ძირითადად დისტანციურ სწავლებაზე მყოფ სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომლებიც სრულად დისტანციური ფორმით სწავლობენ.
ასეთ სტუდენტებისთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის მისაღები ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს. კერძოდ, რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე) ან სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან - 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.
მოქმედი „თავდაცვის კოდექსით“ ჯარში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობს უცხო ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტიც, მიუხედავად იმისა, რომ ის განათლებას დისტანციური ფორმით იღებს და ამ პირს, სწავლის გამო, არ აქვს უცხო ქვეყანაში გამგზავრების ვალდებულება.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანაში ონლაინსტუდენტის სტატუსის მოპოვება ძალიან მარტივია და დისტანციური სწავლება ე.წ. შავი ხვრელი გახდა მათთვის, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს.
„გარკვეული პირები აორგანიზებდნენ ბიზნესს, როცა წვევამდელის მიერ ონლაინსტუდენტის სტატუსის მოპოვების გზით მისი სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება ხდებოდა შესაძლებელი“, - აღნიშნა გიორგაძემ.
კანონპროექტს თავდაცვის კოდექსში შემოაქვს ტერმინი „აქტიური სტუდენტი“ - წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადავადების უფლებით ისარგებლებს პირი, რომელიც არის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე.
2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სწავლის ღირებულების გადაუხდელობის გამო, საქართველოში სტატუსი 30 ათასამდე სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული. 28 ნოემბერს, პარლამენტში გამოსვლისას განათლების მინისტრმა თქვა, რომ დავალიანების განულების პროგრამით, 2023 წლის სექტემბრიდან, სტუდენტის სტატუსი 4 000-მდე სტუდენტმა აღიდგინა და სასწავლო პროცესს დაუბრუნდა.
კანონპროექტის მიხედვით, პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს.
წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას ვეღარ შეაჩერებს.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება უზრუნველყოფს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დროულად აღსრულებას. ეს საკითხი ძირითადად შეეხებათ სასულიერო პირებს, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მათ შორის ფიქტიური, როგორიცაა პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული „ბიბლიური თავისუფლება“. ამ ორგანიზაციის მღვდელმსახურის სტატუსით, 2016-2022 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდა 36 ათასზე მეტმა წვევამდელმა.
საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი სულ რაღაც ორი თვის წინ, 21 სექტემბერს დაამტკიცა. ახალი კოდექსის თანახმად, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ყველა წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლის. სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულებისგან კი მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები გათავისუფლდებიან.