ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართვის შემდეგ თავისივე გადაწყვეტილება გააუქმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი მოუხსნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
კუპრაშვილმა იგივე გადაწყვეტილება მიიღო სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპისა“ და მისი დამფუძნებლების მიმართაც, თუმცა დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“ გაამახვილა, ის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები გაუმჭვირვალობაში დაადანაშაულა.
„სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპზე თავდასხმა. ამ ორგანიზაციას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, არ სურს საზოგადოებას გაუმხილოს თუ რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას.
იმ შემთხვევაში თუკი ამ ორგანიზაციების მიერ მოხდებოდა პოლიტიკური მიზნებით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება, ფარდა აეხდებოდა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობისთვის აშკარა გახდებოდა თუ როგორ იმართებოდა მთელი რიგი პროცესები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. გამჭვირვალობის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდებოდა თუ რა ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზნით გაკეთებული განცხადებების უკან“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება კანონიერია, თუმცა მას „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ აუქმებს.
„არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს ორგანიზაციები დავავალდებულეთ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები“, - თქვა კუპრაშვილმა და დასძინა, რომ ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების „ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას“.
რაც შეეხება სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპას“, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მისი ორი წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას, დანარჩენებმა კი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება აღასრულეს და „კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს“.
„თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები გავრცელდა. რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა.
30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უშუალოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სახელით საპარლამენტო არჩევნებს ვერ დააკვირდებოდნენ. „ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩვენი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ გვეყოლება“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
1-ელ ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, „საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად“, თავისივე გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა. გარდა ამისა, მან ბიუროს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს ორგანიზაციებისთვის „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსის შეფარდებისგან.
კობახიძის განცხადებას წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის შეფასება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს „სავალალო გადაწყვეტილება“ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.