როგორ ძალადობს მთავრობა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მაკუნა გოჩიაშვილის ფოტო

იშვიათი დაავადების - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ორი კვირაა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ, უწყვეტ აქციას მართავენ და ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევენ. პოლიცია მათ ერთი კარვის განთავსების საშუალებასაც არ აძლევს. 30 აპრილს, დედებს ცელოფნის პარკიც კი ჩამოართვეს, რომლის ქვეშაც ძლიერ წვიმას თავს აფარებდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მშობლები ერთადერთ რამეს ითხოვენ მათი შვილებისთვის - წამალს, რომელიც ევროკავშირსა და ამერიკაში ლიცენზირებული და დამტკიცებულია. საქართველოში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე არაერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „რევოლუციური წამალი“ კი ბავშვმა აუცილებლად ზრდის პერიოდში უნდა მიიღოს. ამიტომ, მათთვის ყოველი დღე დაკარგულია.

„მას შემდეგ, რაც ამინდები გაუარესდა, კარავი მოვიტანეთ და გაშლა ვცადეთ. პოლიციელებმა ხელიდან გამოგვგლიჯეს, აღარ გვიბრუნებდნენ, გაშლის უფლება არ გაქვთო. ვკითხეთ, რომელი მუხლით გვეკრძალებოდა მისი დადგმა. არ გვითხრეს - თვითონ მოძებნეთო.

კარვის გასაშლელად ალტერნატიული ადგილიც შევთავაზეთ, შენობიდან შორს, თუმცა ამაზეც არ დაგვთანხმდნენ. არ გვინდა შეხლა-შემოხლა მოხდეს და ვინმე დააკავონ. ამიტომ კარვის გაშლა აღარ გვიცდია და სიცივეშიც და წვიმაშიც ღია ცის ქვეშ ვართ“, - ამბობს მაკუნა გოჩიაშვილი, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოქმედი კანონმდებლობით, კარვის გაშლის უფლება მაშინ შეიძლება შეიზღუდოს, თუ ის ხელს უშლის გზის სავალ ნაწილს, ბლოკავს შენობას ან იწვევს დაწესებულების მუშაობის შეფერხებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ქართულ სასამართლო პრაქტიკასთანაც კი წინააღმდეგობაში მოდის.

საპროტესტო აქციებისას კარვის დადგმა, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, შეკრებისა და აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლებების ნაწილად არის განხილული.

2016 წლის 31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში თქვა, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსებას. შვიდი წლის წინ, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა, თბილისის მერიის წინ, სკვერში, მათ მიერ შერჩეულ ადგილას კარავი განეთავსებინათ.

ერთ-ერთ საქმეზე, 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „საქართველოს კონსტიტუცია შესაძლებლობას აძლევს პირს, მისი შეხედულებისამებრ აირჩიოს გამოხატვის ფორმა, საშუალება და ადგილი. კერძოდ, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებით, შესაძლებელია, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას“. 

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის მიხედვითაც, იმ პირობებში, როდესაც კარავს არა აქვს შინაარსობრივი დატვირთვა და ამასთან, კარვის განთავსება არ წარმოადგენს შეკრების უფლების განხორციელებისთვის აუცილებელ საშუალებას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გენერალური პროკურატურის წინ, მომიტინგეების კარვის განთავსების აღკვეთა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გენერალურ პროკურატურასთან კარვის განთავსება აზრის გამოხატვის ერთ-ერთ აუცილებელ ფორმას წარმოადგენდა და სასამართლოს არ უნდა აღექვა ეს შეკრების უფლების განხორციელებისათვის არააუცილებელ და აზრს მოკლებულ საშუალებად. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ქმედებები, რომლითაც მოსარჩელეებს კარავის განთავსების საშუალება არ მიეცათ, არაკანონიერად არ შეაფასა, რადგან კარვის განთავსების ადგილმდებარეობა ვერ დადგინდა. კანონი პროკურატურის შესასვლელიდან ოცი მეტრის რადიუსში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას კრძალავს.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში - საქმეზე, რომელიც იმავე წლის სექტემბერში, პარლამენტის შენობის წინ, შვილმოკლული მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, კარვის გაშლის აკრძალვას ეხებოდა.

მაგრამ, სასამართლომ ამ საქმეში არ იმსჯელა, პოლიციელთა მხრიდან ეს აკრძალვა კანონიერი იყო თუ არა, რადგან საქმისწარმოების მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება მისცეს. განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა ინტერესი მიღწეული იყო და დავის გაგრძელების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კარვის გაშლის უფლება აქვთ.

„კარავი, პარკი თუ ნებისმიერი ნივთი, რომელიც არ არის საფრთხის მატარებელი, შეიძლება გაიშალოს ადმინისტრაციული ორგანოს მახლობლად. ეს არის დემოკრატიული სტანდარტი, ასე მიმდინარეობს აქციები სხვა ქვეყნებში. ეს არის ელემენტარული. ამას არც სამართლის ცოდნა უნდა და არც ბევრი ფილოსოფია, ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს, მითუმეტეს მათ, რომლებიც თითქმის ორი კვირაა აქ ღამეს ათენებენ და რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა კიდეც“, - განაცხადა იოსელიანმა 1-ელ მაისს.

პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილე დედებს კარვის განთავსების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს განმარტებას, რის საფუძველზე და რატომ უზღუდავს მშობლებს კონსტიტუციურ უფლებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.