მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს არანაკლებ 90 თეთრად შეისყიდის, სუბსიდიის სახით 35 თეთრს მიიღებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს, რთვლის სუბსიდირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 150 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 2 კობახიძე შუქრუთელების პროტესტზე - ასეთი აქციები ხშირად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 რაც მოვისმინეთ, გაგვაოგნა - პრესის თავისუფლების მისია საქართველოში მედიის მდგომარეობაზე
- 6 საზღვარგართ მყოფი დევნილების ნაწილი არჩევნებში ხმის მიცემას ვერ შეძლებს
„მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნის სტრატეგიული დარგია და ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დარგი მოსვლის დღიდან გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. გახსოვთ, რომ 2012 წლამდე, მევენახეობა-მეღვინეობის არათუ წახალისება არ იყო, არამედ პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული, სთხოვდნენ ჩვენს მევენახეებს ვენახების გაჩეხვას და ყურძნის არჩაბარებას. იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად, აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება, იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია. პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები. ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს ძალიან კარგად. ამასთან, შეგახსენებთ, რომ თუ რამდენიმე ათეულობით კომპანია იყო მევენახეობა-მეღვინეობაში, დაახლოებით 30 კომპანიამდე, წელს 300 კომპანიაზე მეტია. მათი შემოსავლები ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. ამ დარგში ჩართულია დაახლოებით 25 000-მდე მევენახე. ეს ნიშნავს მათი ოჯახების გაძლიერებას.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება სულ მცირე 90 თეთრი.
არც ერთი კილო ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია, კარგი შეხვედრები გვქონდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ინფორმაციით, წელს რეკორდული, დაახლოებით 300 000 ტონა მოსავალია მოსალოდნელი.
„სუბსიდირებაარის აუცილებელი და უალტერნატივო გზა იმისათვის, რომ არ შევაფერხოთ დარგის განვითარება, ხელი შევუწყოთ და შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რაც წლების განმავლობაში მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით გვაქვს. შარშან გვქონდა რეკორდული, 107 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი. წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას თითქმის ყველა პრიორიტეტულ ბაზარზე; მაგალითად, პოლონეთში გვაქვს თითქმის 40 %-იანი ზრდა. პირველი შვიდი თვის მონაცემებით, აშშ-ში გვაქვს 16 %-იანი ზრდა, იაპონიაში დაახლოებით გაორმაგებული მაჩვენებლები, ასევე ზრდა გვაქვს ჩინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და სხვა პრიორიტეტულ ბაზრებზე, თუმცა უკრაინაში მიმდინარე სამწუხარო მოვლენების, ომის გამო, ბაზარზე, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, გვაქვს დაახლოებით 50%-იანი შემცირება, რამაც ღვინის პროდუქციის ექსპორტზე გარკვეული გავლენა იქონია. აქედან გამომდინარე, მიღებულია სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება. ჩვენ წელსაც ვეხმარებით დარგს, მევენახეებს, საწარმოებს, რომ შევინარჩუნოთ დარგის განვითარების დინამიკა“, - ასე ახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რთვლის სუბსიდირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
2021 წელს, მთავრობამ რთველის სუბსიდირებაზე 138 მილიონი ლარი დახარჯა. სუბსიდიის მიზეზად გასულ წელს ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დასახელდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, რთვლის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის, უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.
სუბსიდიის ძირითადი თანხა, 107 მილიონ ლარზე მეტი, სახელმწიფოს კუთვნილ შპს-ს „მოსავლის მართვის კომპანიას“ ჩაერიცხა.
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ უმეტესწილად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს. ღვინის სააგენტოში, 2021 წელს, სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 ეკუთვნის „ქართული ოცნების“ მოქმედ ან ყოფილ წევრებს, ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. ამ 31 კომპანიაზე გაიცა 30 343 512 ლარის ოდენობის თანხა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22 %-ს შეადგენს.
გამარტივებული შესყიდვები მიიღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა: მისი ცოლისძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის შპს „ვაინ კახეთმა“, პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ღვინის მარანმა, შპს „ქინძმარაულმა“ და ყოფილი შსს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ - შპს „რთველისმა“, ჯამურად 800 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა მიიღეს.
900 000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო 9 დღის დაარსებულმა კომპანიამ, შპს „დი ჯი ელმა“, რომლის მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველია.
სუბსიდიის მიმღები 5 მსხვილი კომპანია დაკავშირებულია კომპანია „ბოლერო ენდ კომპანისთან“, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კარიჭაშვილია. ჯამურად ამ კომპანიებმა 6 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ კარიჭაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია და მასთან ერთად ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.
ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ და შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“. ეს კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს „ქართული ოცნებიდან“.
ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან 1000 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებდა. ამ ბარიერის გამო, მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს.