„თითქოს, რუსეთის ხელისუფლება ელოდა არჩევნების დასრულებას, ან არჩევნების შედეგებს, ანექსიური პროცესები აფხაზეთში კი არ აჩქარდა, უმძიმესად დამძიმდა“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 4 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 5 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
- 6 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
გახარიას თქმით, ამის გამოხატულებაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება და ის, „რაც მოხდება პარასკევს აფხაზეთში, როდესაც კენჭი ეყრება ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას“.
„ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პერიოდში „ოცნებამ“ სამართლებრივი და მორალური საფუძველი შეუქმნა იმ ქმედებებს, რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. პირველი იყო „ბოდიში“, რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებული იქნა როგორც საბაბი იმის დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდგომ პრემიერის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალება და დაპირება, რომ გაასამართლებდნენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ კამპანია, რომ, თურმე, დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გავლით.
ამ ყველაფერის შედეგად, დღეს რუსეთის ფედერაცია საქართველოსგან ითხოვს აფხაზეთის და სამაჩაბლოს საზღვრების დელიმიტაციას. ასევე ოფიციალურად ითხოვს ცეცხლის არ განახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის აღიარების პროცესის დაწყება, თავი რომ დავანებოთ უმძიმეს ანექსიურ პროცესებს, რომელიც აფხაზეთში მიმდინარეობს“, - განცხადა გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ხალხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა, „უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა“. ამასთან გახარიას განცხადებით, რუსეთი უკმაყოფილოა იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო.
„ბოდიშის შემდეგ და საკონსტიტუციო უმრავლესობას როდესაც ითხოვდა ივანიშვილი, ჩვენ ვეკითხებოდით, კაცო, აგვიხსენი, რისთვის გჭირდება ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხომ არ აპირებ სახელმწიფო მოწყობის რაიმე ფორმით ცვლილებას. ამაზე პასუხი უკვე დღეს, ფაქტობრივად გაეცემა იმ ნაბიჯებით, რომელსაც ოფიციალურად გადადგამს რუსეთის ფედერაცია.
ივანიშვილს არანაირი რესურსი იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან, არ გააჩნია. ერთადერთი რაც „ოცნებასა“ და ივანიშვილს უნდათ, ეს არის რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ, რუსული ფული, რაღაც „შავი“ ფული იშოვონ. ესაა მათი მთავარი მიზანი. რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი, არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი“, - აღნიშნა გახარიამ.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდზე, რომელიც 5-7 ნოემბერს გაიმართა, რუსულმა მხარემ „აქცენტი გააკეთა თბილისიდან მომდინარე შემრიგებლური სიგნალების პრაქტიკულ სიბრტყეში გადატანის მნიშვნელობაზე, მათ კონსოლიდაციასა და კონკრეტული ნაბიჯებით განვითარებაზე“. რუსეთი „კონკრეტულ ნაბიჯებში“ გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერას, ასევე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საქართველოს „სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკირებით“.
„ამ ამოცანების აქტუალობას განაპირობებს ოფიციალური თბილისის აღიარება, რომ საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის გეგმებს აყალიბებენ, ასევე საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არსებული დოქტრინალური მითითებების ხელახალი დადასტურება, შეიარაღებული ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების მიხედვით შენება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლება რუსული მხარის ამ განცხადებას, ისევე როგორც აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, არ გამოხმაურებია.