აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 25 დეკემბრის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ახლობლებს შეხვდა და განუცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს, რომლისგანაც „დამნაშავეთა დასჯას, სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას“ ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
Embraer E190-მა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ჯერ ორჯერ სცადა ჩეჩნეთის დედაქალაქის აეროპორტში დაშვება, მესამე მცდელობისას კი მგზავრებმა აფეთქების მსგავსი ძლიერი ხმა გაიგეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ მომენტში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას იგერიებდნენ.
ილჰამ ალიევის განცხადებით, გროზნოში საჰაერო სივრცის დახურვის ოპერაცია „ხალიჩა“ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც აზერბაიჯანულ თვითმფრინავს მიწიდან ესროლეს.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აქ ძალიან სერიოზული კითხვებია, რაც დანაშაულის შემადგენლობას შეიცავს. როგორც წესი, როცა ამა თუ იმ ქვეყნის საჰაერო სივრცეში საფრთხე ჩნდება, ის დაუყოვნებლივ იკეტება. საჰაერო სივრცე მაშინვე უნდა დაკეტილიყო და თვითმფრინავი უკან გაბრუნებულიყო.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე დაახლოებით 10 დღით ადრე, ქალაქ გროზნოსთან მსგავსი შემთხვევა მოხდა. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი შუა გზიდან უკან დაბრუნდა. რატომ არ გააფრთხილეს ამჯერად თვითმფრინავის ეკიპაჟი? ბუნებრივია, ამას გამოძიება დაადგენს.
რუსეთის სამთავრობო უწყებების მცდელობა, მიჩქმალონ ეს ინციდენტი და აბსურდული ვერსიების დაჟინება ჩვენს გაკვირვებას, სინანულს და სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები. ამ კატასტროფას 30-მდე ადამიანი სწორედ პილოტებისა და ეკიპაჟის წევრების გმირობის წყალობით გადაურჩა, რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა“, - აღნიშნა ალიევმა.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ დაზიანებული თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში, კასპიის ზღვის ნაპირზე ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო თვითმფრინავის ორივე პილოტი. მათ სიკვდილის შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭათ. ავიაკატასტროფას ეკიპაჟის ხუთი წევრიდან ორი გადაურჩა.
„დღესავით ნათელია, რომ თვითმფრინავი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით უმართავ მდგომარეობაში იქნა მოყვანილი. ასევე აშკარაა, რომ თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. მაგრამ რატომ გაგზავნეს თვითმფრინავი აქთაუში? ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ეს მოხდა ადგილობრივი დისპეჩერების გადაწყვეტილებით, თუ მფრინავები მიხვდნენ, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები რუსეთის საჰაერო სივრცეში დაშვების საშუალებას აღარ მისცემდნენ და ეს არჩევანი თავად გააკეთეს? ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ბუნებრივია, „შავი ყუთების“ გახსნის შემდეგ, ყველა ეს ინფორმაცია გაჩნდება.
აზერბაიჯანის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ჩვენთვის ფასდაუდებელია და ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას და დამნაშავეთა დასჯას. ჯერ არ მსურს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალის გამჟღავნება, მაგრამ
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ კატასტროფის დროს აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ბრალია. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას“, - განაცხადა ალიევმა.
როგორც ირკვევა აზერბაიჯანის დაჟინებული მოთხოვნით, „შავი ყუთების“ გაშიფვრა ბრაზილიაში, Embraer-ის მწარმოებელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ილჰამ ალიევმა თქვა, რომ უარი განაცხადა, გამოძიება სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს ჩაეტარებინა, რადგან ამ სტრუქტურის ობიექტურობაში ეჭვი შეეპარა.
„როდესაც ჩვენ დავინახეთ ამ საკითხის მიჩქმალვის, რაღაც ფრინველებისთვის ან ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქებისთვის მიწერის მცდელობა, ბუნებრივია, ამ სტრუქტურის გამოძიების ობიექტურობაში სერიოზული ეჭვი შეგვეპარა მე და აზერბიაჯანულ საზოგადოებას. ახლა, როცა „შავი ყუთების“ გაშიფვრა მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში წინასწარ შედეგს გავიგებთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, მომხდარი ტრაგედიის მთელი სურათი გახდება ცნობილი. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება ამ ტრაგედიის სრული გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯაში. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ საქმეს და გამოძიებას ბოლომდე მივიყვანთ“, - უთხრა ალიევმა დაღუპულთა ნათესავებს.