რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობა მისცა, ხელი მოაწეროს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან „ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ შეთანხმებას“. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განვითარებაში.
ჩვენი მოქალაქეები ამას ძალიან ელოდნენ. ახლა მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული პროცედურით“, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ.
სამართლებრივი საკითხების ოფიციალურ პორტალზე 9 სექტემბერს გამოქვეყნებული ე.წ. შეთანხმების ტექსტის მიხედვით, რუსები შეძლებენ აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღებას რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. იგივე წესი იმოქმედებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის მქონე პირებისთვისაც. ამასთან, ისინი, ვისაც „აფხაზეთის მოქალაქეობა“ 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ, ვიდრე რუსეთი აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ აღიარებდა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ.
„პირი, რომელსაც ორივე მხარის მოქალაქეობა გააჩნია, სარგებლობს სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობს“, – ვკითხულობთ ე.წ. შეთანხმებაში. იგივე პრინციპი მოქმედებს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებითაც.
ე.წ. შეთანხმების მოქმედების ვადა 5 წელია და გაგრძელდება ავტომატურად, თუ რომელიმე მხარე წინასწარ, წერილობით არ მოითხოვს მის შეწყვეტას.
ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ანალოგიური „შეთანხმება“ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის წელს ამოქმედდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა: „რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას“.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ე.წ. რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციაში ჩაიწერა. პუტინის მიერ, 2022 წლის 6 სექტემბერს დამტკიცებულ დოკუმენტში ნათქვამია: „პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმის სფეროში პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან: დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან“. გარდა ამისა, კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან, ასევე მოლდოვასთან და საქართველოსთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარებისას, მხედველობაში იქნება მიღებული ამ სახელმწიფოებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხები.