სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი ბავშვის დაღუპვას ეხმაურება და ადასტურებს, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია. ამასთან, სააგენტო განმარტავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„2023 წლის 1 აპრილიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა“, - განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახს „მაქსიმალურად ეხმარებოდა“ და სოციალური მუშაკი კანონით განსაზღვრულ ვადებში, პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.
„ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით. არასრულწლოვნები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში“.
წუხელ, დაახლოებით 02:00 საათზე, ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ბინაში გაჩენილ ხანძარს 6 წლის ტყუპი ძმები ემსხვერპლნენ. ისინი დაქირავებულ ბინაში 9 და 12 წლის და-ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. ხანძრის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ. უფროსებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს და მეზობელს დაუძახეს, თუმცა უმცროსების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. მეზობლების ინფორმაციით, დავალიანების გადაუხდელობის გამო, სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ჩაჭრილი ჰქონდათ. არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვებს ღამე სანთელი დარჩათ ანთებული. ელექტროენერგიის ჩაჭრის ფაქტს ადასტურებს ბინის მეპატრონეც. როგორც ის ამბობს, ამის შესახებ შეტყობინება ენერგოკომპანიისგან გუშინ, ტრაგედიის წინა დღეს მიიღო. ოჯახს 50 ლარამდე ჰქონდა გადასახდელი. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
„ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს. მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით“, - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.