თბილისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით ორი ოპოზიციური კოალიციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) საჩივრებს. აპელანტები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მათთვის სხდომაზე საკუთარი მოსაზრებების, ასევე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის საშუალება უნდა მიეცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 ოკუპირებულ გალში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დავით ქაცარავას დრონი ჩამოაგდეს
- 3 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 4 26 ოქტომბრის არჩევნების გამო დე ფაქტო აფხაზეთი ენგურის ხიდს ჩაკეტავს
- 5 ბუდანოვის თქმით, უკრაინაში საომრად 11 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ემზადება
- 6 „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას უარყოფს
„სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს.
16:00 საათზე ჩაინიშნა ჩვენი სააპელაციო საჩივრის განხილვა, მაგრამ ზეპირი მოსმენის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ მოგვეცემა შესაძლებლობა, წარვადგიონოთ ჩვენი მოსაზრებები, მტკიცებულებები და არგუმენტები.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სასამართლოში სადავო გახადა ცესკოს მიერ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ვერიფიკაციის აპარატების მოქმედებას ეხება. ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო გავხადეთ მარკერების და ბიულეტენების ხარისხის სტანდარტთან შესაბამისობა. ჩვენ ვართ ის სუბიექტი, რომელმაც დააყენა საკითხი აუდიტორული კომპანია „პროვივის“ დასკვნების არავალიდურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, ერთადერთი, რომელიც მთელი საქართველოს 3000-ზე მეტ უბანს ასაჩივრებდა და ითხოვდა ბათილობას. სწორედ ამიტომაც დღეს სასამართლომ თქვა უარი ჩვენს დაბარებასა და დამატებით მოსმენაზე“, - განაცხადა თამარ კორძაიამ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
საიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარება შეუძლია, მისი ეს გადაწყვეტილება საგანგაშოა.
„საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ამომრჩევლის 90%-ის საარჩევნო უფლებას შეეხება, სასამართლომ გადაწყვიტა დისკომფორტი არ შეიქმნას და გადაწყვეტილება მხარეების და საზოგადოების დასწრების გარეშე მიიღოს.
მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხარეებისთვის უნდა მიეცა მოსაზრებების სხდომაზე წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
გარდა იმისა, რომ საქმე მოთხოვნების და მოპასუხის გათვალისწინებით, პრაქტიკულად წარმოადგენდა ახალ საქმეს, საიას ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შუამდგომლობაც, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა და ამჯერად, ეს შუამდგომლობები სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიემართებოდა“, - განაცხადეს უფლებადამცველ ორგანიზაციაში.
13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივერი აბაშიძემ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მათ სააპელაციო ინსტანციას მიმართეს. საქმეზე მოპასუხე მხარე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.