„იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან, საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები. თავისუფლება ან სიკვდილი!“ - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე წერილს აქვეყნებს სათაურით „ტყვეობის 365 დღე“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი, სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავსვა კითხვა - როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან? სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით.
ვალდებული ვარ, როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და როგორც უკრაინის რიგითი მოქალაქე, როგორც საქართველოს პატრიოტი ვიყო იქ, სადაც წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ამას ვამბობ როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა“, - წერს ყოფილი პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტი იყო, ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა და 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთას უარყოფდა, „ქართული ოცნების“ ლიდერები კი ამბობდნენ, რომ სააკაშვილი არა ბათუმში, არამედ უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის. პროკურატურის განცხადებით, სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. ამ საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს - ელგუჯა ცომაია, გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, უკრაინაში მყოფი გიორგი (გია) ლორთქიფანიძის წინააღმდეგაც. პროკურატურის მტკიცებით, სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთაში ლორთქიფანიძე დაეხმარა. მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა ჯერ დასრულებული არ არის. 2022 წლის იანვარში, სასამართლომ, ცომაიას, ნარიმანიძეს და მამა-შვილ წოწორიებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.
დაპატიმრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N 12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მისი მოთხოვნა რუსთავის ციხიდან სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, მოტყუებით და ძალის გამოყენებით გლდანის N 18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რასაც წინ უძღოდა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები თბილისში. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა. დეკემბრის ბოლოს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. 2022 წლის 12 მაისიდან, საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.