თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა, სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„აირჩიე ევროპა“ 11 ივლისს უსაფრთხოების ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ, პოლიტიკის ანალიტიკოსმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლელა ჯეჯელავამ, ევროპული პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი რუხაძემ, ბიზნესმენმა ივა ჭყონიამ და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ლაშა ძებისაშვილმა დააფუძნეს. მოძრაობის გაცხადებული მიზანია საქართველოს ევროპული მომავლის, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა.
მანამდე, 2024 წლის 29 მაისს პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილება, რომლითაც ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ნებისმიერი პირისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია. ეს გულისხმობს საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის გამოთხოვას. იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს.
„აირჩიე ევროპის“ დამფუძნებლის, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს.
„ეს არის სამოქალაქო პირების პოლიტიკური დევნა. ეს პრეცედენტი თუ შეიქმნა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე აღარ იქნება დაცული. ეს არის არა რუსეთის, არამედ ჩრდილოეთ კორეის მსგავსი კანონი. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ“, - თქვა ლაგაზიძემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოში ისე დააყენა შუამდგომლობა „აირჩიე ევროპის“ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომ არ არის დასაბუთებული, დაწყებულია თუ არა მონიტორინგის პროცესი და კანონით გათვალისწინებული კონკრეტულად რომლის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს მონიტორინგი.
„იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელება დაწყებულია მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ მიმართ, არ არის დასაბუთებული, ვრცელდება თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ამ ტიპის საქმიანობაზე. ასევე, არ არის დასაბუთებული გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა არ არის მიღწეული, მის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოშობს ეჭვებს ბიუროს მანდატის თვითნებური გამოყენების თაობაზე, ასეთ პირობებში კი სასამართლომ უნდა შეასრულოს უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია, უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა.
„თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქციები. სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება არ სცემს პასუხებს საქმისათვის მნიშვნელოვან არცერთ კითხვას“, - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.
საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით, თავისი საქმიანობა წარმართონ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეაფასონ პირთა ძირითადი უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკები.