„ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს წესებს, თუმცა, არის გარკვეული გამონაკლისები, როდესაც ხდება გარკვეულ შემთხვევაში ვადების დარღვევა, ასევე, ადგილი აქვს უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევებს. დღეის მდგომარეობით, უკვე საქართველოს 3000-ზე მეტ მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სამინისტროს მონაცემებით, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნა არ არის ახალი პრობლემა. აღნიშნული პრობლემის წინაშე ჩვენი ქვეყანაც დგას. ბოლო 8 წლის განმავლობაში გაათმაგდა საქართველოში უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები. ჩვენ სრულად განვაახლეთ საქართველოს კანონმდებლობა და იგი დაახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან, რათა საქართველომ თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებაში სწორი და სამართლიანი პოლიტიკა აწარმოოს“, - აღნიშნა დარახველიძემ.
საქართველოში ვიზიტით იმყოფება თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი ნიკოლ დე მური, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.
„ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც ჩამოვედი, არის ამ პროცედურების კიდევ უფრო კარგად ახსნა. რაც შევამჩნიე, არის ის, რომ ვრცელდება „ფეიკ ნიუსები“ ბელგიაში მიგრაციასთან დაკავშირებით. არსებობს კანონიერი და არაკანონიერი მიგრაციის გზები და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ბელგიაში კანონიერი გზით მიგრაციასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ბელგიაში ჩასვლისას არ დახვდეთ უსიამოვნო მოულოდნელობები. მსურს, სამ ასპექტზე გავამახვილო ყურადღება.
პირველი - ქართველების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი კმაყოფილდება, რადგან ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
მეორე - თავშესაფრის მოთხოვნა არასოდეს კმაყოფილდება ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე. უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ძალიან სწრაფად და მათ, ვინც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, სასწრაფო წესით უნდა დატოვონ ქვეყანა. ისინი, ვინც ბელგიას ტურისტულად ეწვევიან, უნდა აკმაყოფილებდნენ შესვლის კრიტერიუმებს და დარჩენა მხოლოდ შეზღუდული დროით შეუძლიათ, ვიზის გარეშე. საზღვართან მოხდება სიღრმისეული შემოწმება.
მესამე - თუ თქვენ გაგაჩერებენ საზღვართან, ან არ გაგაჩნიათ ვიზა, თქვენ ქვეყნის დატოვებას მოგთხოვენ და თუ საჭირო გახდება, იძულებით დაგაბრუნებენ თქვენს ქვეყანაში. ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტიანი პროცედურა, რაც ასევე მოიაზრებს მოგზაურობის აკრძალვას.
ბოლო რჩევა, რაც მსურს მოგცეთ, არის ის, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება. მსურს, ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ განაგრძონ შესაძლებლობების მოძიება თავიანთ ქვეყანაში. აქ არსებობს შესაძლებლობები, ბელგიაში ცხოვრება კი ყოველთვის იოლი არ არის. მინდა, მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს და მინისტრს მიგრაციის საკითხებში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ნიკოლ დე მურმა.
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან მოქმედებს.
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მგზავრობისათვის პირი უნდა ფლობდეს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადა სულ მცირე 3 თვით მაინც აღემატება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების დატოვების თარიღს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 34.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა 99 974 ადამიანმა დატოვა.
ემიგრანტების 88.6%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. იმავე პერიოდში, ქვეყანაში 74 008 ადამიანი დაბრუნდა, რომელთაგან 39 526 (53.4%) საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 34 433 ადამიანი – სხვა ქვეყნის მოქალაქე. 2020 წელს საქართველო 80 351-მა ადამიანმა დატოვა.
2021 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის ზონის/ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის დროს, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც მოწმდება.
საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს ევროკავშირის/შენგენის 17 ქვეყანა: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი, კვიპროსი, სლოვენია, შვეიცარია, საბერძნეთი, შვედეთი.