„საქართველოს ამბებმა“ სასამართლოში ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის კანონი გაასაჩივრა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ზურაბ ზვიადაურის საქმის განხილვა თელავის სასამართლოში

ონლაინგამოცემა „საქართველოს ამბებმა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ის ნორმა, რომელიც ინტერნეტმედიას სასამართლო პროცესების ფოტო და ვიდეოგადაღებას უკრძალავს და ამით ტელევიზიებთან მიმართებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის თანახმად, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელია უფლებამოსილი შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია გადაღებული მასალა სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც გადასცეს მათი მოთხოვნის შემთხვევაში.

თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს გადაღების უფლებამოსილებით, მაშინ კანონი სასამართლო პროცესის გადაღების უფლებას სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს ანუ სხვა ტელევიზიას ანიჭებს. თუ პროცესის გადაღებას რამდენიმე ტელევიზია ითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილ პირს წილისყრით შეარჩევს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად, კერძო ტელეკომპანიებსაც ეკისრებათ ვალდებულება გადაღებული მასალა სხვა მედიებსაც გადასცენ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.“

კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ელი პუნქტი კი ადგენს, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

„საქართველოს ამბები“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონით ინტერნეტმედიისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ აკრძალვებს კონსტიტუციის სწორედ ამ მუხლებთან მიმართებით ხდის სადავოდ.

„საქართველოს ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სასამართლოში მათ პროცესების ვიდეო და ფოტოგადაღებაზე სწორედ იმ მიზეზით ეთქვათ უარი, რომ გამოცემა საერთო საეთერო მაუწყებელი (ტელევიზია ან რადიო) არ არის.

სადავო ნორმები ინტერნეტმედიას მაშინაც კი უკრძალავს პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღებას, როცა სხდომას არც საზოგადოებრივი მაუწყებელი და არც სხვა ტელევიზია არ ესწრება. მოსარჩელე ამ აკრძალვას ინფორმაციის მოპოვების უფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

გელა მთივლიშვილი განმარტავს, რომ ამ სარჩელის მიზანი არ არის საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც საქართველოს მოქალაქეების გადასახადით დაფინანსებულ ტელევიზიას, ჩამოართვას პროცესის გადაღების უპირატესი უფლება. ისევე როგორც, ამ სარჩელით არ ხდება უფასო საერთო საეთერო მაუწყებლებისათვის პროცესის გადაღების შესაძლებლობის წართმევა.

„ინტერნეტმედიისთვის პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ან საერთო საეთერო მაუწყებელი არ მიდის პროცესის გადასაღებად ან პროცესის გადაღებას წყვეტს სხდომის დასრულებამდე. ასეთ შემთხვევაში ინტერნეტმედია მოკლებულია სასამართლო პროცესის კადრების გავრცელების შესაძლებლობას.

ინტერნეტმედიის წარმომადგენლებს არა აქვთ შესაძლებლობა, აიძულონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ან სხვა ტელევიზიის თანამშრომლები პროცესი ბოლომდე გააშუქონ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ან სხვა ტელევიზიების მიზანს წარმოადგენს ერთსაათიან საინფორმაციო გამოშვებაში მოამზადოს რამდენიმე წუთიანი  რეპორტაჟი სასამართლო პროცესის შესახებ. ამისათვის მაუწყებლები იყენებენ მხარეების, ზოგჯერ კი სასამართლოს მოკლე კომენტარებს. ასეთ პირობებში, არც საზოგადოებრივი მაუწყებლის, არც სხვა ტელევიზიის ინტერესში არ შედის სასამართლო პროცესზე თავიდან ბოლომდე დასწრება და ყველა საპროცესო მოქმედების თუ ჩვენების გადაღება.

ინტერნეტმედიის ინტერესია, უფრო დეტალური და ანალიტიკური ხასიათის მულტიმედია რეპორტაჟების თუ საგამოძიებო ფილმების მომზადება სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ამისათვის მათ ესაჭიროებათ წვდომა სასამართლო პროცესების ვიდეო-აუდიო მასალებზე“, - აღნიშნულია სარჩელში.

„საქართველოს ამბების“ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, გიორგი გოცირიძე იცავს.

ამავე ორგანიზაციის დახმარებით „საქართველოს ამბებს“ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი აქვს შეტანილი. მოსარჩელე დავობს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული სადავო ნორმები ინტერნეტმედიას უქვემდებარებს კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კონტროლის სფეროს იმგვარად, რომ ამ უკანასკნელს ენიჭება საკანონმდებლო მანდატი, ბეჭდური და ინტერნეტმედიის მიმართ შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მხოლოდ სამაუწყებლო მედიის მიმართ გააჩნია ლიცენზირებისა და ავტორიზაციის უფლებამოსილება. საქმე არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განიხილა და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.