საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს ამბების“ სარჩელი განსახილველად მიიღო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საინფორმაციო ცენტრების ქსელის („საქართველოს ამბები“) კონსტიტუციური სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე დავობს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული სადავო ნორმები ონლაინმედიას უქვემდებარებს კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კონტროლის სფეროს იმგვარად, რომ ამ უკანასკნელს ენიჭება საკანონმდებლო მანდატი, ბეჭდური და ინტერნეტმედიის მიმართ შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მხოლოდ სამაუწყებლო მედიის მიმართ გააჩნია ლიცენზირებისა და ავტორიზაციის უფლებამოსილება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქმე ეხება ერთი მხრივ ინტერნეტმედიისთვის კენჭისყრის დღემდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოქვეყნების აკრძალვასა და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას გამოკითხვის დამკვეთზე ინფორმაციის მითითების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ზემოხსენებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტად ინტერნეტმედიის მოაზრებას.

კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის 24 მაისს, საინფორმაციო ცენტრების ქსელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალისთვის - „პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კალაძეს და სააკაშვილს აქვთ - კვლევა“. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ონლაინგამოცემის 1500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა, იმ განმარტებით, რომ ვებგვერდმა კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძემ ონლაინგამოცემის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. მოსამართლე დევი დევიძემ ამ დადგენილებით შეცვალა სხვადასხვა სასამართლოს მიერ მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლითაც კომუნიკაციების კომისია ონლაინმედიას უკანონოდ აქცევდა თავისი რეგულირების სფეროში.

კომუნიკაციების კომისიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომელმაც რაიონული სასამართლოს დადგენილება გააუქმა და საქმე განსახილველად იმავე მოსამართლეს უკან დაუბრუნა. იმ განმარტებით, რომ პრაქტიკას სააპელაციო სასამართლო ამკვიდრებს, რაიონულმა სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა ამჯერად დააკმაყოფილა და საინფორმაციო ცენტრების ქსელი სამართალდამრღვევად სცნო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საინფორმაციო ცენტრების ქსელის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მედიაორგანიზაციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იურისტი გიორგი გოცირიძე იცავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერს თან ერთვის მოსამართლეების ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი პლენუმის უმრავლესობის მსჯელობასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია მედიის ინსტიტუციურ-ორგანიზაციული თავისუფლება, ხოლო კონკრეტული შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის კონსტიტუციურობა, როდესაც ეს ეხება, მათ შორის, მედია საშუალებათა მიერ ინფორმაციის გავრცელებას, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

განსხვავებული აზრის ავტორები არ იზიარებენ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უმრავლესობის განმარტებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დაცულ სფეროსთან მიმართებით და მიიჩნევენ, რომ საკითხის ასეთი გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის იმგვარ ცვლილებას, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, როგორც ინფორმაციის გავრცელების უმნიშვნელოვანესი წყაროს, უფლებათა დაცვის მასშტაბსა და ხარისხზე.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მოსამართლეების მერაბ ტურავას, ევა გოცირიძის, გიორგი თევდორაშვილის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, ხვიჩა კიკილაშვილის, მანანა კობახიძის, ვასილ როინიშვილის და თეიმურაზ ტუღუშის შემადგენლობით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.