„საქართველოს მთავრობა თავისი „გამჭვირვალობის კანონით“ ბლოკავს ხალხის დიდ ოცნებას ევროკავშირში მომავალის შესახებ. კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და უნდა გაუქმდეს, რათა საქართველომ ევროპისკენ მიმავალი გზა გაიაროს“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
გერმანელი დიპლომატის თქმით, საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ისინი ამას შთამბეჭდავად გამოხატავენ.
„გასულ დღეებსა და კვირებში ისინი აპროტესტებენ ხელისუფლების გეგმებს, იმოქმედოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსულ მოდელზე დაფუძნებული ე.წ. „გამჭვირვალობის კანონით“. ჯერ კიდევ 2023 წელს, ქუჩის ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ უკან დაიხია თავისი გეგმებისგან - დროებით, როგორც ახლა ირკვევა. განხორციელების შემთხვევაში, კანონი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე, კონფიდენციალურობაზე და დისკრიმინაციის აკრძალვაზე. ვენეციის კომისიის განცხადებით, კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (ECHR). შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, რას ნიშნავს ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისთვის და როგორ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გზაჯვარედინზეა“, - განაცხადა ბერბოკმა.
საქართველოში განვითარებული მოვლენებზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ განიხილონ ევროკავშირის მხრიდან ყველაზე შესაფერისი პასუხი იმ შემთხვევაში, თუ კანონი ძალაში შევა.
შესაძლო გადაწყვეტილებებს ივნისში, საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგ შეკრებაზე მიიღებენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა არ გამორიცხა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.
საქართველოს პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს. „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევას აპირებს.
