თურქული კომპანია „Enka İnşaat“-ის განცხადებით, დასრულდა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებული საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი და საქართველოს მთავრობას შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ კომპენსაციის სახით დაახლოებით 383.2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„2021 წლის 20 სექტემბერს ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე კონტრაქტი შეწყვეტილი იქნა ჩვენი შვილობილი კომპანიის შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ. შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა. გადაწყდა, რომ ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ კანონიერად შეწყვიტა ხელშეკრულება და საქართველოს მთავრობას დაევალაჩვენს შვილობილი კომპანიისთვის დაახლოებით 383.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა, პროცენტების ჩათვლით“, - ნათქვამია კომპანიის 2 დეკემბრის განცხადებაში. საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ნამახვანის ჰესების კასკადს მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე იყო დაგეგმილი. პროექტი ორ ჰესს მოიცავდა - „ზემო ნამახვანი ჰესს“ 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და „ქვემო ნამახვანი ჰესს“ - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. „ზემო ნამახვანი ჰესის“ 56 მეტრიანი კაშხლის აშენება დაგეგმილი იყო სოფელ ტვიშის მიმდებარედ. ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია უნდა დატბორილიყო. „ქვემო ნამახვანი ჰესის“ სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში იყო გათვალისწინებული, სადაც 500 ჰექტარზე მეტის დატბორვა იგეგმებოდა. „ქვემო ნამახვანის ჰესისთვის“ 4400 მეტრის გვირაბი (დიამეტრი 9 მეტრი) უნდა აშენებულიყო, რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევდნენ.
საქართველოს მთავრობამ კომპანიას ჰესების მშენებლობისთვის რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა.
პროექტის წინააღმდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც თავის წინააღმდეგობას მოსალოდნელი საფრთხეებით და მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების კაბალური პირობებით ხსნიდა. 2021 წელს, ხალხის ძლიერი პროტესტის შედეგად ჰესის მშენებლობა შეჩერდა. „ენკა რინიუებლზმა“ საქართველოს მთავრობას 2021 წლის წლის სექტემბერში აცნობა, რომ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე უარს ამბობდა და 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტდა. 2022-2023 წლებში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, დიდი ჰესები, მათ შორის, „ნამახვანი ჰესი“ სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება.