საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 18 დეკემბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა. სტრასბურგში ის ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ მიიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
მეცოლამ ევროპარლამენტის სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბოლო კვირების განმავლობაში თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციებზე დგანან.
„ჩვენ გხედავთ, გისმენთ და ვდგავართ თქვენს გვერდით“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ და ევროკავშირის მოუწოდა გადამწყვეტი ქმედებებისკენ, მათ შორის იმ პირების დასანქცირებისკენ, ვინც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობაზე.
ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება. საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში მის მიწვევას „პერფორმანსი“ უწოდა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას შეადარა.
„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს -
მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა.
მარტივი პერფორმანსებით ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ასეთ მარტივ პერფორმანსებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიწვევის ფონია საქართველოში 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციები, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები, რომლებიც არაერთხელ დაარბიეს, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არც ევროპარლამენტარებმა აღიარეს.