საქართველოსთან მუშაობის გასაგრძელებლად, მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს - მილერი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, იმისათვის, რომ აშშ-მა საქართველოსთან თანამშრომლობა გააგრძელოს, საჭიროა საქართველოს მთავრობამ კურსი შეცვალოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

9 მაისს გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძოდ, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმების შესახებ ჰკითხეს: „თქვენ ნათლად განაცხადეთ, რომ საქართველოს ხალხის გვერდით დგახართ. შეგიძლიათ დაგვისახელოთ მკაფიო მაგალითი ამის დასადასტურებლად?“

„ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ქმედებებით, რომლებიც განხორციელდა მათ წინააღმდეგ, ვინც კანონპროექტს აპროტესტებს და რომლებიც გატარდა კანონპროექტის წინ წასაწევად. ვიცით სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების შევიწროებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გახშირებული ცნობების შესახებ. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრული, დამოუკიდებელი და დროული გამოძიებისკენ. უბრალოდ ვიტყვი და ერთგვად პასუხს გავცემ უფრო ფართო შეკითხვას,

ჩვენ 30 წელზე მეტია საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობა გვაქვს, გვსურს გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან ერთობლივი მუშაობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს“, - განაცხადა მილერმა.

***

3 მაისს, თბილისში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რაზეც შსს-ს არავინ დაუკავებია. მედიის მიერ იდენტიფიცირებულ თავდამსხმელებს შორის არიან თბილისის მერიის მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული მწვრთნელებიც.

5 მაისს, ლანჩხუთში, თავს დაესხნენ პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს. პროკურატურამ ფიზიკური ძალადობისთვის ბრალი ერთ პირს წარუდგინა, თუმცა აფხაზავა ამბობდა, რომ თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. სასამართლომ თავდამსხმელი, ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომელი გირაოთი გაათავისუფლა.

7 მაისს, თბილისში, შვედეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.

8 მაისს, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში თავს დაესხნენ და სახისა და თავის არეში სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. თავდასხმას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 23 აპრილს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე „დავით კეზერაშვილის და დიმა ჩიქოვანის მიერ 1000 ლარად დაფინანსებული ადამიანები დგანან“. ჩიქოვანი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.

8 მაისს, უცნობი პირები თავს დაესხნენ საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორს, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარს გია ჯაფარიძეს. ის ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა და აქტიურად არის ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „პირდაპირ ცემა დამიწყეს. რაღაც ჯოხები ეჭირათ. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს - ამას ამბობდნენ“, - თქვა გია ჯაფარიძემ. მას დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმაც.

8 მაისს თავს დაესხნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს. „72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, შენი შვილი გაჩერდესო. გვეგონა, უბრალოდ მუქარაა, მაგრამ ვხედავთ, რომ სახლშიც მოგვივარდნენ. არ ვიცი, საიდან გაიგეს, სად ვიყავი. საეჭვო ნომრიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდა. ალბათ, ასე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით, სამი ადამიანი მოცვივდა. ჯერ ჩაგვიარეს მე და ჩემს მეგობარს. მერე გამარჯობა გვითხრეს და უკნიდან შემოგვიტიეს“, - თქვა ლაშა ღვინიანიძემ.

9 მაისს, გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლებთან თავს დაესხნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრს ბორის ჩელე ყურუას და „ახალის“ წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს. თავდასხმამდე ორივე მათგანი მონაწილეობდა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში, რომლის თემაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ბოლო დღეებში განხორციელებული რეპრესიები იყო.

10 მაისს, ღამით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიის შესასვლელთან და ეზოშიც საეჭვო ავტომობილები დააფიქსირეს, რომლებშიც ნიღბიანი პირები ისხდნენ. „პირველის“ ეთერში ამის ამსახველი ვიდეო კადრებიც გავიდა. ნოდარ მელაძის თქმით, ჩასაფრებული ადამიანები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ არა მხოლოდ ტელევიზიაში მომუშავე ადამიანებისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც. მყისიერ საფრთხეზე რეაგირებისათვის მელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, 112-ზე ხუთჯერ დარეკა, დაუკავშირდა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქეთი კოვზიაშვილსაც, თუმცა პოლიცია გამოძახების ადგილზე არ მივიდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).