საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით განხილვის პარალელურად განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას კანონის „ასეთი ფორმით“ მიღებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
„როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მრავალათასიანი უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რუსული კანონი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცოს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14-დან 28 მაისამდე პერიოდში, პრეზიდენტოს ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია კანონთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდეს.
„ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს. ან „ენჯეოები“ უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ კანონი რუსულია და რუსულად დარჩება. „ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რათა გავაპატიოსნოთ ეს კანონი“, - თქვა ზურაბიშვილმა.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმაც განაცხადეს, რომ „ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული“.