საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი, რომელითაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, დაარეგისტრირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 23 ოქტომბერს თბილისში „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება
- 4 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსის ცალკეულ მუხლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს ასაჩივრებს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საარჩევნო უბნები ვერ აღჭურვა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ხმის მიცემის ფარულობა, შესაბამისად ყველა ელექტრონულ უბანზე, სადაც გამოყენებული იქნა ელექტრონული ბიულეტენი, დაირღვა საარჩევნო პრინციპები.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 26 ოქტომბერსვე გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები, რომლებიც გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა იმდენად მასშტაბური, რომ ცხადყო საარჩევნო უფლების უმნიშვნელოვანესი პრინციპის, ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა.
„აღნიშნული გამოიხატა იმაში, რომ დაფიქსირებული ხმა ისახებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს. ნიშანდობლივია, რომ ფარულობის დაცვას ვერ უზრუნველყოფდა ვერც ჩარჩო-კონვერტი. ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ჩარჩო-კონვერტის ზომით, ხოლო მეორე მხრივ, იმით, რომ კომისიის წევრების მხრიდან გაცემული ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტში მოთავსების განმარტებული წესის დაცვის პირობებშიც კი ხმის მთვლელ აპარატში შეცურების მომენტში ბიულეტენის უკანა მხარე ნაწილ-ნაწილ ხილული ხდებოდა.
ამასთანავე, საარჩევნო უბნების გახსნისთანავე, უბნებზე მასობრივად განთავსდა ვიდეოკამერები. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები რიგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამტკიცებული ბიულეტენის და არსებული მარკერის ფორმა იმთავითვე ვერ უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას. კერძოდ, მარკერით გაფერადებული წრე, ბიულეტენის თხელი მატერიისა და მარკერის სიმუქის გამო, ვიზუალურად აშკარად აღსაქმელი იყო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში შეცურებისას. ამასთანავე, პრობლემური იყო თითქმის ყველა საარჩევნო უბანში დამონტაჟებული ვიდეოკამერა, რომელიც დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში იღებდა კენჭისყრის პროცესს, რაც ამომრჩევლებისთვის ქმნიდა კონტროლის განცდას და უქმნიდა აღქმას, რომ არჩევნები არ იყო ზეწოლისგან თავისუფალი.
ფარულობის დარღვევის მასშტაბის შეფასებისას ბუნებრივია საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ელექტრონული კენჭისყრის პროცედურა ჩატარდა 2263 საარჩევნო უბანზე. ამ უბნებზე ამომრჩეველთა სრული ოდენობის დაახლოებით 90% იყო რეგისტრირებული. ვინაიდან ამ უბნებზე არსებითად დაირღვა ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის ფარგლებში ხმის მიცემის ფარულობა, ამან მასშტაბური და გადამწყვეტი გავლენა იქონია ამომრჩეველთა ნების თავისუფლების გამოვლენის პრინციპზეც და ბუნებრივია არჩევნების შედეგებზე“, - ვკითხულობთ სარჩელში.
ხმის მიცემის ფარულობის გარდა, პრეზიდენტი არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევაზეც დავობს. სარჩელის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა იყო დაახლოებით 96 ათასი, რომელთაგანაც დაახლოებით ამომრჩეველთა 2/3-მა (60 000-ზე მეტმა) ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია რამდენად მაღალი იყო საზღვარგარეთ კონკრეტულ უბნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა.
„ამომრჩეველთა სრული ოდენობა დაახლოებთ შეადგენდა 2 მილიონ ამომრჩეველს (ცესკოს სადავო შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 2 111 834 ამომრჩეველი), რის გათვალისწინებითაც პირები, რომლებიც საარჩევნო სიაში იყვნენ და ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით შეადგენდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 3%, რამაც ფარულობის დარღვევასთან ერთად და დამოუკიდებლადაც ბუნებრივია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე“, - აცხადებს მოსარჩელე მხარე.
როგორც სარჩელშია აღნიშნული, იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პერიოდში დაახლოებით 270 000-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ცესკოს მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფაქტობრივად კენჭისყრის დღემდე დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობამ, ვინაიდან კომისიამ არ შექმნა უფლებით სარგებლობის სათანადო გარანტიები, არ გახსნა თანაზომიერი და პროპორციული ოდენობისა და შესაბამისი ადგილმდებარეობის მიხედვით საარჩევნო უბნები და ამავდროულად, ამომრჩევლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ სათანადო რეგისტრაცია მათთვის ხელმისაწვდომ უბნებზე.
სარჩელის რეგისტრაციის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა იმსჯელოს, მიიღებს თუ არა საქმეს არსებითად განსახილველად.