ჩეჩნეთის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც რესპუბლიკის მეთაურს ჩეჩნურად „მეკხ-და“ [„ერის მამა“] ეწოდა. გარდა ამისა, კადიროვს მიენიჭა უფლებამოსილება მიიღოს ზომები ჩეჩნეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ცვლილების მიზანია რეგიონის ხელმძღვანელის ტიტულის ერთგვაროვნად გამოყენების დამკიდრება ჩეჩნურ ენაში, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა. პარლამენტის დეპუტატების სახელით და პირადად მე უდიდესი სიამოვნებით ვულოცავ ჩემს ძვირფას ძმას, ჩეჩნეთის მეთაურს, რუსეთის გმირს რამზან ახმადის ძე კადიროვს ამ მნიშვნელოვან მოვლენას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა.
დაუდოვი განმარტავს, რომ ჩეჩნურ ენაში „მეკხ-და“ ძალიან ფართო მნიშვნელობისაა და სრულად გამოკვეთს ჩეჩნეთის მეთაურის, როგორც სამშობლოს, რელიგიისა და ხალხის დამცველის როლს.
„რამზან კადიროვი თავისი დიდი მამის ღირსეული შვილია... რომელსაც თავდაჯერებულად მიჰყავს ჩეჩენი ხალხი კეთილდღეობისკენ. ჩვენი ლიდერი არის ნამდვილი მუსლიმი, სიმამაცისა და სამშობლოს ერთგულების სიმბოლო! მისი ბრძნული ხელმძღვანელობით, ჩვენი რეგიონი გახდა ქვეყნის [რუსეთის ფედერაციის - რედ.] ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე დინამიურად განვითარებადი სუბიექტი. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ლიდერი თავდაუზოგავად იცავს ჩეჩენი ხალხის ინტერესებს, მათ რელიგიურ და ტრადიციულ ღირებულებებს“, - წერს დაუდოვი.
მკვლევარები აცხადებენ, რომ ტიტულს „მეკხ-და“ (ან „მეკხან-და“) ვაინახები ადრე არ იყენებდნენ, იგი ახლახანს გაჩნდა და ჩეჩნები და ინგუშები არაფორმალურად რეგიონის ხელმძღვანელს უწოდებენ.
„ვაინახური საზოგადოება საკმაოდ რთული იყო. ამ სახის ტიტულის მინიჭებისთვის აუცილებელია არსებობდეს პოლიტიკური ერის აშენების ამოცანა. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თურქმენები და ყაზახები პოლიტიკურ ერს აშენებენ და ამიტომაც გაჩნდა ტერმინები „თურქმენების ლიდერი“ და „ერის ლიდერი“. ჩეჩნეთის ისტორიაში პირველად არის გზავნილი, რომ ჩეჩნეთში ერთიანი ჩეჩნური ერი შენდება“, - ამბობს კავკასიოლოგი ახმეტ იარლიკაპოვი გამოცემა „კავკაზსკი უზელთან“ ინტერვიუში.
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2007 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა წარადგინა და უკვე 16 წელია ჩეჩნეთის შეუცვლელ ლიდერად რჩება. კადიროვის მმართველობის პირობებში, ხელისუფლების ან პირადად მისი კრიტიკოსები დაპატიმრების, ყალბი ბრალდებით გასამართლების, გატაცების, წამებისა და მოკვლის საფრთხის წინაშე დგანან. 2022 წლის ზაფხულში დადასტურდა, რომ ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა „ადათის“ აქტივისტი და რამზან კადიროვისადმი კრიტიკული ტელეგრამ არხის მოდერატორი, 19 წლის სალმან ტეფსურკაევი, რომელიც 2020 წელს გაიტაცეს, წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის შემდეგ სასტიკად მოკლეს. მას პირში ყუმბარა ჩაუდეს და ააფეთქეს. ასევე გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გროზნოდან გაუჩინარებული ორი მამაკაცი და ერთი ქალი, რომლებიც სავარაუდოდ, ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯგუფური სექსის ამსახველ ვიდეოში ფიგურირებდნენ, მოკლეს და ფარულად დამარხეს. 2022 წელს კადიროვის მუქარის გამო რუსეთი დატოვა დამოუკიდებელი და რუსეთში აკრძალული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტმა ელენა მილაშინამ, რომელიც წლების განმავლობაში ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე წერდა.
ჩეჩნეთის ხელისუფლების ოპონენტებს და კრიტიკოსებს ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ, ევროპაშიც ემუქრებიან და კლავენ. 2022 წლის ბოლოს შვედეთში გაუჩინარდა კადიროვის კრიტიკით ცნობილი ბლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი. გავრცელებული ინფორმაციით, აბდურახმანოვი მოკლულია. მისი მოკვლა 2020 წლის თებერვალშიც სცადეს, როდესაც მის ბინაში ჩაქუჩით შეიარაღებული რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევი შეიპარა და თავს დაესხა. 2021 წლის ოქტომბერში ბლოგერმა შვედეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი 2022 წლის ანგარიშში წერს, რომ „ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა რამზან კადიროვის მეთაურობით აგრძელებს ყოველგვარი განსხვავებული აზრის უმოწყალოდ ჩახშობას“.
46 წლის რამზან კადიროვი თავს ვლადიმერ პუტინის ერთგულ ქვეითს უწოდებს და მზად არის „უმაღლესი მთავარსარდლის ნებისმიერი სირთულის ნებისმიერი ბრძანების“ შესასრულებლად. უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართულობის გამო კადიროვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს აშშ-მა, ევროკავშირმა, შვეიცარიამ და კანადამ. სანქცირებულები არიან კადიროვის ოჯახის წევრებიც.