ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე მსჯელობას იწყებს. დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ისაუბრებს. ამავე თემაზე რეზოლუციის 7 პროექტია მომზადებული. დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა ხვალ დასრულდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
წარდგენილი რეზოლუციებიდან ხუთი უმეტესად ერთ ხაზს მიჰყვება: ვეროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესების გამო და სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. რეზოლუციის პროექტებში დაგმობილია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული არალიბელარული კანონმდებლობა, რაშიც იგულისხმება რუსული ტიპის კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმება და ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესში.
რეზოლუციის პროექტების ავტორები ევროკავშირს მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობას გაუყინოს დაფინანსება, დაუწესოს სანქციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის პოლიტიკური პროცესის და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაში მისი როლის გამო.
რეზოლუციის პროექტების ნაწილში მოხვდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც. ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის (ECR Group) პროექტის მიხედვით, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შეჩერება მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებისა და „დომინანტი ოლიგარქის“, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციების დაწესების შემდეგ უნდა იქნეს განხილული.
ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით (EPP group) მომზდებულ რეზოლუციაში კი ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება, თუ არჩევნები არ იქნება შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან და თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმი.
იმავე რეზოლუციის პროექტის მიხედვით, მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრისთვის, ისევე როგორც მისი შესაძლებლობისთვის, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.
„არჩევნების შედეგმა ქვეყანას უნდა მისცეს საშუალება დაუბრუნდეს პროდასავლურ დემოკრატიულ დღის წესრიგს, განახორციელოს საჭირო რეფორმები და დაიწყოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები“, - ვკითხულობთ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის რეზოლუციის პროექტში.
განსახილველი რეზოლუციებით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს გამჭვირვალედ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა. ECR Group-ის რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოხატული ქართული დიასპორის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილების გამო, რაც „ქართველთა უმრავლესობას ხმის მიცემის უფლებას ართმევს“.
„განაახლე ევროპის“ ჯგუფის (Renew Group) რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ სრული მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ამ რთულ პერიოდში, მათ შორის იმ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია ჯარიმებთან და ახალი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ სხვა ტვირთებთან. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი გმობს 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს პოლიციის სისასტიკეს და გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
განსახილველი რეზოლუციებიდან ხუთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება.
წარდგენილი რეზოლუციებიდან ერთ-ერთში, რომლის ავტორი მემარცხენე ჯგუფია (The Left Group), გამოთქმულია წუხილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერების გამო. პროექტში ხაზგასმულია ვიზალიბერალიზაციის სარგებელი და მისი შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული დიალოგის აუცილებლობა. ამასთან, რეზოლუციის პროექტი ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, როდესაც მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები „ქვეყნებად“ მოიხსენია. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი „ორივე მხარეს ახალისებს, განახორციელონ სერიოზული ინიციატივები“ საკითხების „მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით“ გოსაგვარებლად. აღნიშნული რეზოლუციის ავტორი დანილო დელა ვალე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობით გამოირჩევა და მის განცხადებებს პროსამთავრობო მედიები ხშირად იშველიებენ, თუმცა, რეზოლუციის პროექტში ისიც აკრიტიკებს საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველ, ანტი-ლგბტ და ცენზურის დამწესებელ კანონებს.
ევროპის სუვერენული ერების ჯგუფის (ESN group) რეზოლუციის პროექტით მოთხოვნილია, ევროკავშირმა პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივ ნორმებს და მასში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს „კულტურულ და სოციალურ, განსაკუთრებით მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიასთან და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებში“ ჩარევის გამო. რეზოლუციის ავტორები მიიჩნევენ, რომ განცხადებები საქართველოს „დემოკრატიული უკანდახევის“ შესახებ დაუსაბუთებელია. ESN group-ში გერმანელი და ბულგარელი მემარჯვენე დეპუტატები არიან გაერთიანებული.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხი განიხილება ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული ვითარება განიხილება 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის და საქართველოში არსებული ვითარება განხილული იქნება ევროკავშირის ლიდერებს შორის, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულნი არიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვღელავთ მოვლენების განვითარების გამო“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპარლამენტში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით.
ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების დღევანდელი რეალობა არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს.