პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირიდან ხუთს საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატი დაენიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 18:00 საათიდან, პატიმრებისა და მათი უფლებადამცველების დასწრების გარეშე განახლდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობის) ძალაში დატოვების საკითხს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დილიდან განიხილავს.
ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა პროცესის დიდ დარბაზში გადატანის შესახებ. ადვოკატების თქმით, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო მცირე დარბაზში მუშაობა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთი ბრალდებული, ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო შეუძლოდაც გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
როგორც ადვოკატებმა განმარტეს, ბრალდებულების დაცვაზე უარი არ უთქვამთ და „ადამიანური პირობების“ შექმნას ითხოვდნენ. მათი დაცვის ქვეშ მყოფებიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველია, ხოლო ერთმა ქართული ენა არ იცის. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებიან.
„რა თქმა უნდა, უპრიანი იქნებოდა, სასამართლოს გაეთვალისწინებინა ადვოკატების შუამდგომლობა და უფრო დიდ დარბაზში გადაეყვანა, მით უმეტეს, როგორც ვიცი, არსებობს დოკუმენტი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ბრალდებული ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა უჰაერობის გამო.
სასამართლომ უნდა უზრუნველყოს სასამართლოს ჩატარება სათანადო პირობებში, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს და დიდი დარბაზი თავისუფალია. ჩვენც იგივე პოზიცია გვექნება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება, პროტესტის ნიშნად დავტოვოთ დარბაზი, რადგან სახელმწიფოს ხარჯზე დავინიშნეთ, სავალდებულო წესით.
რა თქმა უნდა, დასაცავი პირების პოზიცია მნიშვნელოვანია და ის ადვოკატები უნდა გამოცხადნენ დარბაზში და გააგრძელონ მათი ინტერესების დაცვა, ვისაც ისინი ენდობიან“, - განაცხადა გიორგი მდინარაძემ სხდომის განახლებამდე. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოძახებული ორი სახაზინო ადვოკატიდან ერთ-ერთია.
პროკურატურა ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით აქვთ წარდგენილი. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6-წლამდე პატიმრობით ისჯება.
გუშინ, 10 იანვარს, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე განიხილა და ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.