თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე გიორგი დუმბაძე სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. 18 წლის აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას, კერძოდ, პარლამენტის შენობის წინ გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის თქმით, შსს-მ სასამართლოს მტკიცებულების სახით სატელევიზიო ეთერში გასული ვიდეომასალა წარუდგინა, რითაც არ დგინდება, რომ გზის გადაკეტვის ორგანიზატორი გიორგი დუმბაძე იყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგიკით, ორგანიზება შეიძლება იყოს ის, რომ პირს ხელში ხმის გამაძლიერებელი ეჭიროს. ვერ გაგვცეს პასუხი, რა კრიტერიუმებით დაადგინეს, რაში გამოიხატა ეს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და პოლიციელი, რომელმაც ოქმი შეადგინა, სასამართლოში არ მოიყვანა“, - განაცხადა ადვოკატმა.
დემონსტრანტებმა აქციებში მონაწილეობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაიგეს, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები რომ იყო შედგენილი. გიორგი დუმბაძის შემთხვევაში საქმე ეხება რუსული კანონის წინააღმდეგ 24 აპრილს გამართულ მსვლელობას.
„24 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმე 15 მაისს შეიტანეს.
ადგილზე პოლიციამ არათუ წინააღმდეგობა არ გაგვიწია, არამედ, პირიქით, გზა გაგვითავისუფლეს, რომ სავალ ნაწილზე გადავსულიყავით. მოსამართლეს ვუთხარი, რომ იქ არავინ იყო ორგანიზატორი, ხალხს არ დასჭირდა მოწოდება იმისათვის, რომ გზის სავალ ნაწილზე გადავსულიყავით. გზის სავალი ნაწილის დაკეტვა პრიორიტეტი არ ყოფილა, არამედ ეს იყო საშუალება, რომ მარშით წავსულიყავით. ისიც ვთქვით, რომ ავტობუსები, სასწრაფო დახმარების და სხვა მანქანები გავატარეთ. ჩვენი მიზანი არ იყო მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნა.
თუმცა, ამ ოთახებში ვინ რას იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს. გადაწყვეტილებები წინასწარ არის მიღებული და მოსამართლემ გაგვიზიარა ის, რაც, ალბათ, რამდენიმე დღის წინ უთხრეს“, - აღნიშნა გიორგი დუმბაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა პროცესი მიმდინარეობს. დღეს 2400-2400 ლარით დააჯარიმეს ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი, დიმიტრი იოსელიანი და ნიკოლოზ ალხაზაშვილი.
პოლიციამ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ადმინისტრაციული წესით ორასამდე ადამიანი დააკავა. სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, რომლებსაც პროკურატურამ ბრალად პოლიციელზე თავდასხმა და ნივთის დაზიანება წარუდგინა.
