თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გააუქმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვდა. საია მიიჩნევს, რომ ცესკოს სენაკში შუალედური არჩევნები კი არა, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები უნდა დაენიშნა, რადგან ეს საკრებულო 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რაც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ცესკომ სენაკში შუალედური არჩევნები, 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პირველ ოქტომბერს დანიშნა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარად არჩეულ ვახტანგ წურწუმიას, 2022 წლის 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ვახტანგ წურწუმიაზე ზეწოლა განხორციელდა. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ანი წითლიძის ინფორმაციით, წურწუმიას კანონიერი ქურდი მიუგზავნეს, რის შემდეგაც მან საკრებულოს წევრის მანდატზე უარი თქვა. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაწერამდე თანაპარტიელები ვახტანგ წურწუმიას 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
საქმე იმაშია, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა. კერძოდ, 33 მანდატიდან 13 „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, 4 – პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“, ხოლო 16 – „ქართულმა ოცნებამ“. 3 დეკემბერს, საკრებულოს პირველივე სხდომაზე გახარიას პარტიიდან პროპორციული სიით არჩეულმა წევრმა, ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა, რის შედეგადაც ოპოზიციის წევრთა რიცხვი 16-მდე შემცირდა. „ქართული ოცნება“ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს და შესაბამისად, ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა ვერ ხერხდებოდა, რადგან სხდომის ჩატარებას 17 დეპუტატის რეგისტრაცია სჭირდება.
3 დეკემბრის შემდეგ სხდომის ჩატარების არაერთი მცდელობა იყო, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, ვერ გაიმართა. 9 თებერვალს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი შეიკრიბა. დეპუტატებმა ცნეს ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება, გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია - გახარიას პარტიის წარმომადგენელი ირაკლი კაჭარავა. საკრებულოს წევრებს სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), თუმცა მათი განმარტებით, გააგრძელეს 2021 წლის 3 დეკემბრის სხდომა და უფლებამოსილება ჰქონდათ, გადაწყვეტილება მიეღოთ.
„ქართულმა ოცნებამ“ სენაკის საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებების მოქმედება საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე შეაჩერა. ამჟამად საქმე ისევ სასამართლო განხილვაშია, სენაკის საკრებულოს კი 23 თებერვლის შემდეგ სხდომის ჩატარება აღარ უცდია.
მიმდინარე წლის მაისში, პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომლის გარდამავალი რეგულირებით, ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში სხდომის გახსნასთან დაკავშირებული კვორუმის პრობლემა იხსნებოდა იმით, რომ საკრებულოს წევრებად ავტომატურად ჩაითვლებოდნენ საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტით ასეთად ცნობილი პირები.
სენაკის საკრებულომ მაინც ვერ შეძლო შეკრება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებიდან რამდენიმე დღეში საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ წურწუმიამ მანდატი დატოვა, რის შემდეგაც სენაკის საკრებულოს ოპოზიციურ ნაწილს ისევ აღარ აქვს უფლებამოსილება შეიკრიბოს და სხდომა გამართოს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 9 და 23 თებერვლის სხდომები სათანადო კვორუმის არარსებობის გამო ლეგიტიმური არ იყო, რის გამოც დეპუტატთა შეკრება საკრებულოს სხდომად ვერ ჩაითვლებოდა. შესაბამისად, სენაკის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისიდან უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა (6 თვე ბოლო, 17 დეკემბრის შეკრებიდან). ამდენად, ამ თარიღიდან ავტომატურად გაჩნდა საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რის შემდეგაც მთავრობა ვალდებული იყო გამოეცა სამართლებრივი აქტი ამ მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, არის სენაკში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინაპირობა, რომელიც, კანონის მიხედვით, 2023 წლის აპრილში უნდა გაიმართოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რატომ არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, 17 აგვისტოს, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. საია აპირებს, გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.