ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სათამაშო ტყლარწებში ბორის დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ და 30-ჯერ მაღალი რაოდენობა აღმოჩნდა. ბორი წარმოადგენს კარცეროგენურ, მუტაგენურ და ტოქსიკური რეპროდუქციის CMR ნივთიერებას, რომელიც იწვევს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელ დაზიანებას, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
მუსიკალური სათამაშოს ქსილოფონის (სერია/მარკა: frog insects knock xylophone მწარმოებელი - Mut) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს ძვრება საღებავი, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა და ბავშვის გაგუდვა, ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება.
სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს მცირე ზომის ნაწილებს და არ უნდა ძვრებოდეს ისინი.
სათამაშო იარაღის (მწარმოებელი: Shengbo Toys Factory, სერია/მარკა უცნობი) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები.
სათამაშო ქსილოფონის (სერია/მარკა: HP622, მწარმოებელი - HAO PENG DA TOYS FACTORY) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები.
სააბაზანო სათამაშოს (სერია/მარკა: 111-1 მწარმოებელი - XIONG LI TOYS FACTORY) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები.
სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრების (სერია MBK-326, მწარმოებელი MEI BO KAI) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშო შეიცავს 191.8 მგ/კგ ტყვიას, რაც 95.9-ჯერ აღემატება დასაშვებ ლიმიტს.
კომპანიებს საშიში სათამაშოების ბაზრიდან ამოღება დაევალათ.
სათამაშოებზე უსაფრთხოების მოთხოვნები 2021 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. სათამაშოებზე კონტროლს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება, რომელიც ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად არის მომზადებული, 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე ვრცელდება. სააგენტო ახორციელებს სათამაშოების დოკუმენტურ შემოწმებას, ვიზუალურ და ლაბორატორიულ ექსპერტიზას. იმის გამო, რომ სათამაშოების მექანიკური და ქიმიური შემოწმებისთვის შესაბამისი ლაბორატორიები საქართველოში არ არსებობს, სააგენტო ნიმუშებს უცხოეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში აგზავნის.
უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციების სახით გათვალისწინებულია მითითება, რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ამოღება, გამოთხოვა, ასევე, განადგურება იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო საშიშ ქიმიურ მინარევებს შეიცავს.
სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერზე 14 83
