საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები აცხადებენ, რომ მკაცრად გმობენ, 19 ნოემბერს, „თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა - კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად.
ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები, რომელთა რაოდენობა 400-მდეა, აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა.
„ეს პრინციპი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობის ფუნდამენტია, დღეს უხეშად დაირღვა“, - აცხადებენ აკადმიური სფეროს წარმომადგენლები. ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ „უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადებაც არ გაუკეთებია“.
„ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის - ეს ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა დათავისუფალი განვითარების საფუძველს ქმნის. ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის.
უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე ანდა ძალადობის თანამონაწილე - იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული კადრებისა და ინფორმაციის მიხედვით, 19 ნოემბერს, გამთენიისას, თსუ-ის პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციის დაშლის დაწყებამდე საპოლიციო ძალების ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შევიდა. სტუდენტებმა ამის გამო რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომა მოითხოვეს.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება აცხადებს, რომ „18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი“.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ“, - ნათქვამია შსს-ს განაცხადებაში.
19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა. მათგან 10-მა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი გახდა.